მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკა

ჯო ბაიდენი ოფიციალურად გამარჯვებულია

ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგიამ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი ოფიციალურად გამოაცხადა.

ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს გამარჯვებისთვის, მინიმუმ საარჩევნო კოლეგიის 270 ხმაზე მეტი სჭირდებათ. ჯო ბაიდენმა 306 ხმა დააგროვა, პრეზიდენტმა ტრამპმა კი 232.

აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის მიერ მისი გამარჯვების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა კანონის უზენაესობამ, კონსტიტუციამ და ხალხის ნებამ.

რამდენიმე კვირის წინ, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის არჩევნების შედეგებს მას შემდეგ აღიარებდა, როცა საარჩევნო კოლეგია გამოაცხადებდა საკუთარ გადაწყვეტილებას. ამ დრომდე ამერიკის მოქმედი, 45-ე პრეზიდენტი არ აკეთებს განცხადებას აღიარებს თუ არა მარცხს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

3 ნოემბრიდან მოყოლებული, პრეზიდენტი ტრამპი და მისი საარჩევნო გუნდი არჩევნების პროცესებში არსებულ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას. მათ მიაჩნიათ, რომ ხმები მოპარულია. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა.

პარალელურად, ამერიკაში უკვე მესამე კვირაა ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. ჯო ბაიდენმა თითქმის ყველა წამყვან თანამდებობაზე დაასახელა კანდიდატები.

საარჩევნო კოლეგიის მიერ გამოცხადებული შედეგები 6 იანვარს უნდა დაამტკიცოს აშშ-ის კონგრესმა. 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button