მნიშვნელოვანირეგიონი

მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პალატაში შეუფარდეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ, გელა ისაშვილის სასამართლო პროცესი საავადმყოფოში ჩატარდა.

მამაკაცის ადვოკატის მოთხოვნით, სასამართლო პროცესი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გაიმართა, სადაც ბრალდებულს, ათ დღეზე მეტ ხანს მკურნალობდნენ.

მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გელა ისაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ქართველიშვილის განმარტებით, მამაკაცმა ბრალი არ აღიარა.

” ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, წარდგენილ ბრალს არ დაეთანხმა. ის დარწმუნებული იყო საკუთარ სიმართლეში და იმასაც კი ამბობდა, რომ ადვოკატი არ სჭირდება. თვლის, რომ მართალია და არავინ მოუკლავს. სასამართლოს გადაწყვეტილება გადაუდებელ აღსრულებას ექვემდებარება და მას უკვე გადაიყვანდნენ, სავარაუდოდ , ერთ- ერთ საავადმყოფოში” –განაცხადა ქართველიშვილმა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გელა ისაშვილს, სახელმწიფო ბრალდებამ, ფსიქიატრიული ექსპერტიზაც დაუნიშნა.

მამაკაცი საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში, სამი დღის წინ გადაიყვანეს. მას თავის, კისრისა და მუცლის არეში, მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

ისაშვილისათვის ბრალის წარდგენა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მომხდარი ფაქტიდან, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მოხერხდა.

შეგახსენებთ, მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, 18 ნოემბერს მოხდა.

შორეულ ნათესავებს შორის სუფრასთან დაწყებული დავა, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დანით მიყენებული ჭრილობებით, ადგილზე, 25 წლის გიგა არჯევნიშვილი გარდაიცვალა.

საგამოძიებო მასალების თანახმად,
თავად გელა ისაშვილს, მძიმე დაზიანებები, ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთმა პირმა, 19 წლის ახალგაზრდამ მიაყენა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108- ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი ბრალდებით, უკვე დაპატიმრებულია.

წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი გელა ისაშვილის მიმართ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 10- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button