მნიშვნელოვანისიახლეები

ვერ მოიყვანთ ვერცერთ არგუმენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს-კალაძე

საქართველოშიც ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება

„თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ არგუმენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა, რომ პრობლემა არის ხელისუფლებაში, რადგან „არც ევროკავშირში და არც ევროპარლამენტში მოკავშირე არ დარჩათ“.

„ყველაზე მთავარი არის ერთი რამ – თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ არგუმენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 12-პუნქტიანი გეგმა მოგვცეს – შესრულდა, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ამის საჭიროება, რადგან იმ ქვეყნებზე გაცილებით წინ ვართ ყველა ასპექტში, ყველა კრიტერიუმით, ვისაც სტატუსი მისცეს. „დაჩმორებასა“ და შეურაცხყოფაზე რომ ვსაუბრობთ, ეს კონკრეტული მაგალითია – შეურაცხმყოფელი იყო ის, რაც იკადრეს საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებაში. ესეც მარტივია: პოლიტიკური მიზნით უნდოდათ ამ ყველაფრის გამოყენება, რომ არეულობა მოეწყოთ, ხალხს ეუბნებოდნენ, რომ თქვენ კარგები ხართ, იმსახურებთ ევროპას, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ევროპა მისთვის ღირებულებებია და არა ამჟამინდელი ბიუროკრატები.

„ჩემთვის ევროპა არ არის ახლანდელი ბიუროკრატები. ისინი დღეს არიან, ხვალ შეიძლება არ იყვნენ. ჩემთვის ევროპა არის ღირებულებები, რითაც ვცხოვრობ მე და ჩემი ოჯახი. ასე მინდა იცხოვრონ ჩემს ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანებმა და მივდივართ ზუსტად იმისკენ, რომ ეს ევროპული ღირებულებები გავაძლიეროთ და ძლიერი სახელმწიფოთი გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა მან ასევე ისაუბრა პარლამენთთან განვითარებულ მოვლენებზე არცერთ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩებოდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გუშინ, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოშიც ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება.

„საქართველოშიც ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება. ყველა დანაშაული იქნება აღკვეთილი და ყველაფერს მიეცემა სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანი არის გამჭვირვალობა.

„ყველამ უნდა იცოდეს, საიდან ფინანსდებიან ის ექსტრემისტული ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ეკლესიას, ჩვენს ტრადიციას, ღირებულებს, ყველაფერს ძვირფას, რაზეც ეს ქვეყანა დგას, რატომ ებრძვიან. საიდან ფინანსდებიან ეს ორგანიზაციები და ვინ არიან დონორები, ეს ყველაფერი უნდა იყოს ცხადი და გამჭვირვალე. რაც შეეხება მეორე მხარეს, მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ გამოინახა ერთი ადამიანი, ვინც შეიძლება თქვას კონკრეტული არგუმენტი, რატომ არის აღნიშნული კანონი ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს. ერთი ადამიანი ვერ მოინახა, რომ ერთი პატარა არგუმენტი მაინც იყოს, რატომ არის ცუდი აღნიშნული კანონპროექტი“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ გამართულ აქციაზე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანს გვერდითა შესასვლელთან ნაგვის ურნები მიიტანეს, რის შემდეგაც მათი მისამართით პარლამენტის ეზოდან წყლის ჭავლი გაუშვეს. ამას გარდა, მომიტინგეებმა ნაგვის ურნა მიიტანეს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან. მანამდე კი, ნაგვის ურნები განალაგეს სდსს-ს შესავლელთან, ასევე, დაანთეს ცეცხლი, რომელიც წყლის ჭავლის მანქანით ჩააქრეს

1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰოსპიტალიზებულთა შორის არიან სამართალდამცველები.

უწყებაში განმარტავენ, რომ საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა ნაწილმა დატოვა კლინიკა და გაეწერა

მსგავსი პოსტები

Back to top button