მნიშვნელოვანისიახლეები

“ცუდია ძალიან”- კობახიძემ „ღირსეული პარტნიორის“ განუსაზღვრელი ვადით შეჩერებაზე კომენტარი გააკეთა

“ცუდია ძალიან”- ამ მცირე კომენტარით შემოიფარგლა პრემიერი კობახიძე მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების, „ღირსეული პარტნიორის“ განუსაზღვრელი ვადით შეჩერებაზე. დამატებით ამ თემაზე კობახიძეს დღეს არაფერი უთქვამს და აღარ უპასუხია შეკითხვაზე, რატომ მიიღო აშშ-მა ეს გადაწყვეტილება.
ის მევიოლინე ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის შეფასებით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადება არის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის და მომავალი სტაბილურობისთვის კატასტროფული შედეგის მომტანია.
როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი ოქტომბერში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გასტუმრებაა.
„ეს არის ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ჯარისთვის, მომავალი სტაბილურობისთვის კატასტროფული გადაწყვეტილება. ეს არის იმის შედეგი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში თავისი რუსული პოლიტიკით მოიტანა. 33 წლის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამ შემთხვევაში, აშშ ყველა სფეროში გვეხმარებოდნენ, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში, როცა ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ოფიცერთა კორპუსი საერთაშორისო სტანდარტის დონეზე გაიზარდა. ეს გადაწყვეტილება არის პირდაპირი ნიშანი, რომ ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ გააგრძელონ „ქართული ოცნების“ არანაირი პროექტი, რომელიც მომავალში საქართველოში რუსულ პოლიტიკას წარმოადგენს. ერთადერთი გამოსავალია, ოქტომბერში რუსული ხელისუფლება გავისტუმროთ და დავაბრუნოთ ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, წინსვლას და სტაბილურობას ემსახურება“,-განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, აშშ-მა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა – „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ეს ნაბიჯი ქვეყნის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში გადადგა. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ მასშტაბური წვრთნის გაუქმების მიზეზი განპირობებულია ივანიშვილის მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ თითქოს ამერიკას საქართველოში გადატრიალება ან მეორე ფრონტის გახსნა სურს.

“ღირსეული პარტნიორი” 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა გამართულიყო.

ამ ფაქტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ “დასანანი” , მინისტრმა ჩიქოვანმა კი “გაუგებარი” უწოდა, რაზეც აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა მას ასე უპასუხა – “სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის”.

ცნობისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, 8-12 ივლისს ხელვაჩაურისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში უწყებათაშორისი სწავლება – „პარტნიორი-2024“ ჩატარდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწას.

„სწავლება კრიზისული სიტუაციების სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართება. ადგილობრივ მოსახლეობას ვაცნობებთ, რომ სწავლების მოსამზადებელი სავარჯიშოები 8 ივლისს ორივე ლოკაციაზე გაიმართება. გენერალური რეპეტიცია დაგეგმილია 9 ივლისს ხელვაჩაურში, ხოლო 10 ივლისს – თეთრიწყაროში. წვრთნების დასკვნითი ნაწილი ჩატარდება 10 ივლისს ხელვაჩაურში, ხოლო 11 ივლისს – თეთრიწყაროში.

„პარტნიორი-2024“-ში მონაწილეობენ თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების, სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. წვრთნებში, ასევე, ჩართულია შინაგან საქმეთა, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები. უწყებათაშორისი სწავლების მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button