რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს

შაბათს საღამოს რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს. ქალაქის ხელისუფლების თქმით, მოხდა მინიმუმ ექვსი აფეთქება, მათ შორის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.
ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ სინეჰუბოვის თქმით, „დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“. ხარკოვის მერმა იჰორ ტერეხოვმა ტელეგრამში დაწერა, რომ დარტყმა განხორციელდა საცხოვრებელ სახლზე. რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი და ერთი ბრიტანელი ჟურნალისტია.
“ამ მომენტისთვის 20 დაშავებულია. წინასწარი ინფორმაციით – 5 უკვე საავადმყოფოშია,” – დაწერა ტერეხოვმა.
ასევე ტელეგრამის არხებში ქვეყნდება ფოტო სასტუმროსი, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაზიანდა.
„ოკუპანტებმა დაარტყეს ქალაქ ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სამედიცინო დაწესებულება, საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები, ტრანსპორტი“, – განაცხადა ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა.
სინეგუოვი მოსახლეობას მოუწოდებს უსაფრთხო ადგილებში გადაინაცვლონ და გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ. ყველა დაზიანებულ ლოკაცია საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
დაშავებული მოქალაქეების ნაწილი კლინიკაში გადაიყვანეს, ნაწილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა პოლტავას, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის შესახებ განაცხადეს.
ასევე ვრცელდება ცნობები უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატების, „შაჰედების“ გამოყენების შესახებ.
მანამდე დაიბომბა რუსეთის ქალაქი ბელგოროდი. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 14 ადამიანი, 100-ზე მეტი დაშავდა. ეს ბელგოროდში ყველაზე დიდი მსხვერპლია ომის დაწყებიდან მოყოლებული.
როგორც BBC იტყობინება წყაროზე დაყრდნობით უკრაინის სპეცსამსახურების წრეებიდან, ბელგოროდი უკრაინამ დაბომბა უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ უკანასკნელ დღეებში განხორციელებული იერიშების საპასუხოდ.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა შაბათს საღამოს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები ბელგოროდის რაიონიდან ახორციელებენ დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე. ბელგოროდსა და ხარკოვს სულ რამდენიმე ათეული კილომეტრი აშორებს.
29 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელეს ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული. ცნობილია 39 დაღუპულის შესახებ, მათგან 16-ისა – კიევში.