მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი ხერსონში დილემის წინაშეა

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა, ხერსონის ოლქში ვითარების გაანალიზების შედეგად წერს, რომ რუსეთი რეგიონული ცენტრის დაცვას აპირებს, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით უკან დახევა მომგებიანი იქნება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2 ოქტომბრიდან დაიწყეს ხერსონის ოლქში მყოფ რუსულ ქვედანაყოფებზე შეტევის ახალი ეტაპი. გაერთიანებული სამეფოს მიერ დღეს, 6 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთით წინსვლისას ფრონტის ხაზი კიდევ 20 კილომეტრით გადასწიეს და ძირითადად, წარმატებებს მიაღწიეს მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ და მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირების გასწვრივ, თუმცა, ჯერჯერობით საფრთხეს არ უქმნიან რუსეთის თავდაცვის ძირითად პოზიციებს.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთი დილემის წინაშეა – სამხედრო ძალების დნეპრის იქით გადაყვანა გაცილებით საიმედოს გახდის ხერსონის ოლქის დანარჩენი ნაწილის დაცვას, მაგრამ პოლიტიკურ ვალდებულებას ისევ წარმოადგენს დარჩენა და ქალაქ ხერსონის შენარჩუნება.

გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ხერსონის დასაცავად გაგზავნა ბოლომდე დაუკომპლექტებელი საჰაერო-სადესანტო დანაყოფები და ფრონტზე სტაბილიზაციის მისაღწევად ნაკლებად ჰყავს სწრაფი რეაგირების დამატებითი ძალები. ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი აპირებს ხერსონში გაგზავნოს მობილიზებული რეზერვისტები.ხერსონის ოლქზე უკრაინელი სამხედროების ძლიერ შეტევას ადასტურებს რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი.

„ისინი ძალიან ბევრნი არიან, ძალიან დიდი რაოდენობითაა ნატოს ტექნიკა და რაღაც თურქული მანქანები. აქვთ რაღაც ტანკები. ისინი მოძვრებიან და ხალხის რაოდენობით უპირატესობა აქვთ, მაგრამ ჩვენი ბიჭები, ჯარისკაცები სიკვდილამდე დგანან“, – უთხრა დღეს, 6 ოქტომბერს სტრემოუსოვმა რუსულ სააგენტო „ტასს“. სტრემოუსოვი ირწმუნება, რომ ხერსონის მიმართულებით უკრაინელები ყოველდღე კარგავენ 300-მდე სამხედროს.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 5 ოქტომბერს ხელი მოაწერა დუმის და ფედერაციის საბჭოს მიერ მიღებულ „კანონებს“, რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოთხი რეგიონის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს მიღების „შეთანხმებათა რატიფიკაციის“ შესახებ. იმავე დღეს, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი დაიბრუნებს დონბასის და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების იმ ტერიტორიებს, რომლებსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს და ისინი „სამუდამოდ რუსეთის შემადგენლობაში იქნებიან“.

ამასთან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში ხერსონის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის ძალების წინსვლა გრძელდება.

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა იციან რისთვის იბრძვიან, რუსეთში კი სულ უფრო მეტი მოქალაქე აცნობიერებს, რომ უნდა მოკვდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ადამიანს ომის დასრულება არ სურს.

„მხოლოდ ამ დღე-ღამის განმავლობაში ხერსონის ოლქში ფსევდორეფერენდუმებისგან გათავისუფლდა და სტაბილიზებულია ისეთი დასახლებული პუნქტები, როგორებიცაა ნოვოვოსკრესნოე, ნოვოგრიგოროვკა და პეტროპავლოვკა. წინსვლა გრძელდება. ასევე მინდა აღვნიშნო, ჩვენი საჰაერო ძალების მეომრები, რომლებმაც დღეს შეძლეს ირანული წარმოების ექვსი უპილოტო აპარატის ჩამოგდება, რომელთა გამოყენებასაც ოკუპანტები ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ ცდილობდნენ… ახლა კი ვეტყვი ოკუპანტებს, სადმე მსოფლიოში კიდევაც რომ იპოვოთ მეორე იარაღი თქვენი „რუსული მშვიდობისთვის“, ასეთი ბუნებრივი სახელწოდებით, როგორიც არის ეს ირანული „შაჰიდები“, ეს თქვენ მაინც ვერაფრით დაგეხმარებათ. თქვენ უკვე დამარცხდით. დამარცხდით, რადგან ახლა, ფართომასშტაბური ომის 224-ე დღეს, თქვენ გიწევთ თქვენი საზოგადოებისთვის განმარტება, რატომ არის ეს ყველაფერი საჭირო: ეს ომი, ცრუ მობილიზაცია და თქვენი ხალხის ყველა პერსპექტივის განადგურება. როდესაც ადამიანები გრძნობენ თავიანთ სიმართლეს და საკუთარ მიწაზე იმყოფებიან, მათ თავად ყველაფერი იციან. მათ არ სჭირდებათ თავსმოხვეული ლექციები „ალტერნატიულ ისტორიაზე“ და პოლიტინფორმაციის ყოველდღიური სეანსები… უკრაინელებმა იციან, რისთვის იბრძვიან. რუსეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე აცნობიერებს, რომ ისინი უნდა მოკვდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ადამიანს ომის დასრულება არ სურს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინამ დაიწყო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესი. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 38 უძლიერეს სახელმწიფოს. მიმდინარე წელს კიევში ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ამუშავდება.

ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინას ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად, ფეხბურთის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეაქვს.

„ძალიან სიმბოლური იქნება, როდესაც ევროკავშირის სამი ქვეყანა – ესპანეთი, პორტუგალია და უკრაინა მსოფლიო ჩემპიონატის ერთად ჩატარებას შეძლებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button