მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ომი უკრაინაში და მისი შედეგების ზეგავლენა მსოფლიოზე

რუსეთის ომი უკრაინაში და სამხედრო კონფლიქტის შედეგების ზეგავლენა მსოფლიოზე – ეს ის საკითხებია, რის გამოც ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ჩეხეთში შეიკრიბნენ. დღევანდელი შეხვედრის შედეგად გადაწყდა უკრაინული არმიისთვის დამატებითი, მაღალი დონის სამხედრო წვრთნების ჩატარება და ქვეყნისთვის სხვადასხვა დახმარების გაგრძელება.

პრაღაში ვიზიტის დროს, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა ევროპული გაერთიანების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო პროგრამის შექმნაზე შეთანხმდნენ.

„დღეს მინისტრებთან ერთად განვიხილეთ ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა, ძირითადად უკრაინაში რუსეთი აგრესიის კონტექსტში. ჩვენ ჩაგვერთო უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ბატონი რეზნიკოვი, რომელმაც მოგვაწოდა განახლებული ინფორმაცია ომის შესახებ და იმ საჭიროებებზე, რომელიც უკრაინას ესაჭიროება. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ საჭიროებებს და ერთხმად შევთანხმდით ამაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები უკრაინის გვერდით დგანან და მზად არიან, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

„საჭიროებები არ გულისხმობს მხოლოდ სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას. საჭიროებები ასევე გულისხმობს მათი ძალების გარდაქმნას, თუ როგორ უნდა აწარმოონ ომი, ჯარისკაცების გადამზადებას. მზად არის რამდენიმე საწვრთნელი ინიციატივა, თუმცა საჭიროებები უზარმაზარია და უნდა მოვახდინოთ ამ საჭიროებების თანმიმდევრულობის განსაზღვრა. ყველა წევრი ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა ამაზე და ასევე იმაზე, რომ დაიწყონ მუშაობა ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის პარამეტრების განსაზღვრაზე უკრაინისთვის“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დღეს გამართული შეხვედრა იყო არაფორმალური, ხოლო არაფორმალურ შეხვედრაზე არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, არამედ გადაწყდა დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ უკრაინელებთან კონტაქტს და მეორე მხრივ, კანონიერი და საოპერაციო პარამეტრების განსაზღვრას, საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად.

თავდაცვის მინისტრების შემდეგ, დისკუსია ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შორისაც შედგა. გაერთიანების პირველმა დიპლომატებმა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზებზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე იმსჯელეს.

მინისტრებმა შეცვლილ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალ რეალობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ადაპტირება.

პრაღაში, ევროკავშირის ოფიციალური პირები ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. ისინი უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ სადაც მონაწილეობას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო უწყების ხელმძღვანელებიც მიიღებენ.

შეხვედრაზე ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ შეზღუდვებზე იმსჯელებენ. ერთ-ერთი თემა რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა იქნება

მსგავსი პოსტები

Back to top button