ტარიელ ღარიბაშვილის სახლის გალავანის დაზიანების გამო დაკავებული პირის საქმე, შესაძლოა გამოძიებისათვის კახეთის პოლიციას გადაეცეს

ტარიელ ღარიბაშვილის სახლის გალავანის დაზიანების გამო დაკავებული პირის საქმე, შესაძლოა გამოძიებისათვის კახეთის პოლიციის დეპარტამენტს გადაეცეს.
გიორგი გოჩიტაშვილის ადვოკატის, არჩილ ტუხაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
” გოჩიტაშვილი ამჟამად, ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ის ბრალის წარდგენას ელოდება. სახელმწიფო ბრალდება ბრალის ფორმულირებაზე საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. არ არის გამორიცხული, რომ საქმე წარმოებაში კახეთს გადასცენ”- განაცხადა ტუხაშვილმა.
33 წლის გიორგი გოჩიტაშვილი თბილისში, ლუის ტერიტორიაზე, მას შემდეგ დააკავეს, როცა დედოფლისწყაროში, ტარიელ ღარიბაშვილის სახლის გალავანი, მეგობრის სატვირთო მანქანით დააზიანა და მიიმალა.
დაპირისპირების მიზეზი ტარიელ ღარიბაშვილის მიერ, გოჩიტაშვილისათვის სამშენებლო მასალაზე უარის თქმა გახდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 187- ე და 353- ე მუხლებით მიმდინარეობს.