მნიშვნელოვანირეგიონირეპორტაჟისაქართველოსიახლეებიტოკშოუ

„ჭაობს „ბასლაინი“ რად უნდა?“ – დაუსრულებელი პროექტი ბათუმში

რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"

ავტორი: თეა ვაშალომიძე

ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს საათობით უწევთ ავტობუსის ლოდინი. არის გარკვეული უბნები, მაგალითად, ე.წ. ჭაობის დასახლება, სადაც ავტობუსის მხოლოდ ერთი ხაზი მოქმედებს და ასევე არის რამდენიმე ქუჩა, რომლებიც ცენტრალურ უბნებს არ უკავშირდება.

ბათუმელები:

„ჭაობის დასახლებაში ტრანსპორტი ერთი დადის და საათობრივად გვიწევს ცდა. არის გადატენილი ავტობუსი, რომელიც… ფეხზე დგომით… იქ პენსიონერია, ბავშვია… მოსახლეობა არის გაზრდილი, რამდენიმე საავადმყოფოა იმ მხარეს და გვიწევს საათობით დგომა და ცდა. „მარშრუტკებიც“ არაა. აი, წარმოიდგინეთ, ამხელა დასახლებაში „მარშრუტკა“ არ დადის, ნუ, – სამარშრუტო ტაქსები. 11 ნომერი დადის საათში ერთხელ.“

„ყოველი დღე, დილა-საღამოს, სამსახურიდან გამომდინარე, მიწევს 3 ან 4 ნომერი ავტობუსით მგზავრობა. შეუძლებელია, რა… მინიმუმ, 40 წუთი მიწევს ლოდინი. ხან, არის ხოლმე ისეთი სავსე მგზავრებით, ვერ ავდივარ და იძულებული ვხდები, მეორეს დაველოდო. სახლიდან წამოსვლის დროსაც, საცობი მხვდება.“

„ყინულის მოედნის ტერიტორია… სპორტის სასახლის ტერიტორიიდან, ქალაქის მიმართულებით წასვლა არის ძალიან რთული. იმ ტერიტორიიდან, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს, ფაქტობრივად, არც ერთი ტრანსპორტი არ უკავშირდება. ეგრეთწოდებული ჭაობის ტერიტორია, მაგალითად, არანაირად არ უკავშირდება ახალ ბულვარს, არ უკავშირდება ქალაქის შემოსასვლელს, ბაზრის ტერიტორიას. ახალი ქუჩა გვაქვს ბათუმში, ხო? – ბაგრატიონის ქუჩა. იქაც არ დადის, ფაქტობრივად, ტრანსპორტი.“

ბათუმის ყოფილი მერი ჯემალ ანანიძე მთავარ პრობლემად ბათუმის განაშენიანების გეგმის არარსებობას ასახელებს. ასევე, იგი ადგილობრივ თვითმმართველობას მენეჯმენტს უწუნებს. მას მაგალითად მოჰყავს ევროპის განვითარებული ქვეყნები, სადაც საქალაქო ტრანსპორტი ეფექტურად მუშაობს და ამ მოდელების, სპეციალისტების ჩართვით ამოქმედების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას. ასევე, ანანიძე პრობლემად მიიჩნევს, რომ “ბასლაინები” მხოლოდ სამ ქუჩაზე მოქმედებს და ქალაქის დანარჩენ ნაწილში ავტობუსს ჩვეულებრივ რეჟიმში უწევს მოძრაობა, რაც გადაადგილების შეფერხებას იწვევს.

ჯემალ ანანიძე, ბათუმის ყოფილი მერი:

„მხოლოდ კანონები, მხოლოდ მარკირება, მხოლოდ წესები და ასეთი რეგულირება არაა საკმარისი. საჭიროა ასევე, პარალელურად მიდიოდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. როგორ ვისარგებლო: საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო ეფექტური იქნება თუ საქალაქო ტრანსპორტით? საქალაქო ტრანსპორტით, რა თქმა უნდა, იაფი გამოგვივა, მაგრამ იმდენად არაეფექტურია და სადაც გვინდა, იქ ყველგან ვერ მიდის, ამიტომ მოსახლეობა იძულებულია, საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილდეს. ერთხელ და სამუდამოდ [უნდა] მოგვარდეს ქალაქში, ავტობუსების ის რაოდენობა იყოს და იმ პარამეტრების ავტობუსები, რომელიც შესაბამის ქუჩაზე გადაადგილდება.“

“ბათუმის ავტოტრანსპორტის” ყოფილი დირექტორი გიგა ჩხეიძე მიიჩნევს, რომ სატრანსპოტო კოლაფსს, რომელიც ზღვისპირა ქალაქშია შექმნილი, სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. მისი თქმით, ბათუმში არ არსებობს სატრანსპორტო განყოფილება, რომელიც საგზაო მოძრაობას უზრუნველყოფს. რაც შეეხება “ბასლაინს”, გიგა ჩხეიძის თქმით, მან გარკვეულწილად, გაახანგრძლივა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობის დრო, რადგან “ბასლაინის” გავლის შემდეგ, ავტობუსს ისევ საცობში უწევს დგომა და მისთვის გამოყოფილი ზოლი შედეგის მომტანი აღარ არის.

გიგა ჩხეიძე, “ბათუმის ავტოტრანსპორტის” ყოფილი დირექტორი:

„შეიქმნა გარკვეულ მონაკვეთზე სატრანსპორტო ეგრეთწოდებული „ბასლაინები“. ამან, რეალურად, ხშირ შემთხვევაში, გააუარესა მთლიანი მოძრაობის დრო. სატრანსპორტო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის ორგანიზებას ქალაქში (აი, ასეთი განყოფილება უნდა იყოს, ეს კანონით დელეგირებულია თვითმმართველობებზე)… ჩემი აზრით, ახლა არც ფუნქციონირებს, არც აქვთ და ვინ ასრულებს საერთოდ ამ ფუნქციას მუნიციპალიტეტში და რას აკეთებენ და აკეთებენ თუ არა რაიმეს, ძნელი სათქმელია. იმიტომ, რომ ვიცი, რომ არაფერი არ კეთდება.“

ტრასპორტის კიდევ ერთი სპეციალისტი ირმა ხუნდაძე მუნიციპალიტეტს დროული ნაბიჯების გადადგმისკენ და სპეციალისტების ჩართულობით, სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებისკენ მოუწოდებს. იგი იმ ქუჩებს ასახელებს, სადაც უწყვეტი “ბასლაინების” გაკეთებაა შესაძლებელი, რათა ავტობუსს ნორმალურად გადაადგილების საშუალება მიეცეს.

ირმა ხუნდაძე:

„საჭიროა ეგრეთწოდებული „ბასლაინების“ მოწყობა ქალაქის იმ ქუჩებზე, რომელიც გვაძლევს ამის საშუალებას. ასეთი შეიძლება იყოს დავით აღმაშენებლის ქუჩა, ტბელ აბუსერიძის ქუჩა და ასევე, ბაგრატიონის ქუჩა და მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისება, რომ მოქალაქეებმა, მოკლე მანძილის დასაფარად, გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. „ბასლაინები“ ახლა სულ სამ ქუჩაზეა მოწყობილი: ბარათაშვილი, გორგილაძის ქუჩა და ჭავჭავაძის ქუჩა. [უნდა] განახლდეს ავტოპარკი და დაემატოს ავტობუსების რაოდენობა, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების კომფორტულ გადაადგილებას.“

“ნახევრად განხორციელებული პროექტი”, – ასე უწოდებს ბათუმში მოქმედ “ბასლაინებს” ოპოზიცია. ბათუმის საკრებულოს წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” და “ლელოდან” მიიჩნევენ, რომ ქალაქში მოქმედი მუნიციპალური ტრანსპორტი მოუქნელია. მერია ვერ უზრუნველყოფს, რომ ბათუმელმა და ბათუმის სტუმარმა საკუთარი ავტომობილი გააჩეროს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდეს. მიუხედავად იმისა, რომ ავტოპარკი განახლებულია, ის საკმარისი არ არის. ოპოზიციის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის, არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. მაგალითად, – მოსაცდელები, ასევე, – სპეციალურად შეჭრილი ტროტუარები, რის გამოც ავტობუსის გაჩერება სერიოზულ საცობებს ქმნის.

რეზო ხარაზი, „ნაციონალური მოძრაობა“:

„მუნიციპალურ ტრანსპორტს სჭირდება შესაბამისი თანმდევი ინფრასტრუქტურა, რაც არ არსებობს ქალაქში. მაგალითად, – მოსაცდელები, რომელზეც კატასტროფული მდგომარეობაა და წვიმაში, ქარში, განსაკუთრებით, სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან, პრაქტიკულად, გარეთ დგომა უწევთ ადამიანებს და არ არსებობს სპეციალური შეჭრები და მოსაცდელები, რომელიც მოაწესრიგებდა მთავარ პრობლემას. ხშირ შემთხვევაში, ხდება ხარვეზები, რის გამოც [მგზავრები] ვერ ატარებენ ბილეთებს და ამის შემდგომ ხდება საჯარიმო სანქციების გატარება, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის დისკრედიტაციას იწვევს.“

ვაჟა დარჩია, „ლელო“:

„პირველი მნიშვნელოვანი პრობლემა ტრანსპორტთან დაკავშირებით, არის მიკროავტობუსების ფასები, რომელიც საკრებულოს დადგენილებით, უნდა იყოს 50 თეთრი, თუმცა დღეს მძღოლები მოქალაქეებს ახდევინებენ 70 თეთრს. რაც შეეხება ავტობუსების მიმართულებას, არ არის საკმარისი ოდენობა ავტობუსების. ვხედავთ, რომ განსაკუთრებით, პიკის საათებში საკმაოდ დატვირთულია. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა „ბასლაინი“, რომელიც არის რაღაც ნახევრად მოგონილი პროექტი ბათუმში. „ბასლაინების“ პროექტი დაიწყო, მაგრამ ბოლომდე არ მივიდა.“

არის თუ არა საკმარისი რაოდენობის მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში? რატომ არ მოხერხდა სხვა ქუჩებზე “ბასლაინების” მოწყობა? იგეგმება თუ არა ქალაქის გარეუბნებში დამატებითი ხაზების ამოქმედება? მოეწყობა თუ არა ე.წ. “შეჭრები” და მოსაცდელები? ამ კითხვებზე რადიო “თბილისს” ბათუმის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა ემზარ ქავჟარაძემ უპასუხა. იგი არ უარყოფს, რომ ქალქში საკმარისი რაოდენობის ავტობუსი არ მოძრაობს; ასევე აცხადებს, რომ აუცილებლად მოეწყობა ავტობუსისთვის განკუთვნილი გზა, ეგრეთწოდებული “ბასლაინები”და ქალაქის გარეუბნებშიც დაემატება როგორც მიმართულებები, ასევე ავტობუსების რაოდენობა. თუმცა, სატრანსპორტო სამსახურის უფროსი ვერ აკონკრეტებს, როდის მოხდება ამ ყველაფრის გაკეთება.

ემზარ ქავჟარაძე, ბათუმის მერიის სატრასპორტო სამსახურის უფროსი:

„თითქმის ყველა ხაზზე ვაპირებთ დამატებას, სადაც პრობლემები იქნება. მაგაზეც მიმდინარეობს მუშაობა, რომ გაკეთდეს „ბასლაინები“ სხვადასხვა ქუჩაზე.“

თეა ვაშალომიძე, ჟურნალისტი:

„და რატომ არ კეთდება ამ დრომდე? რაიმე ხელისშემშლელი პირობა იყო?“

ემზარ ქავჟარაძე, ბათუმის მერიის სატრასპორტო სამსახურის უფროსი:

„ამ დრომდე რაც იყო გასაკეთებელი, ის გაკეთდა.“

თეა ვაშალომიძე, ჟურნალისტი:

„ეგრეთწოდებულ ჭაობში მოსახლეობა ამბობს, რომ არ არსებობს…“

ემზარ ქავჟარაძე, ბათუმის მერიის სატრასპორტო სამსახურის უფროსი:

„ჭაობში „ბასლაინი“ არაა სავალდებულო. ჭაობში „ბასლაინი“ რად უნდა? გადაჯდომა შეიძლება სხვადასხვა მარშრუტზე. სადაც შესაძლებლობა იქნება „შეჭრის“ გაკეთების, გაკეთდება და თუ არ არის შესაძლებლობა ფიზიკურად…“

გვსურდა, რეპორტაჟი დაგვესრულებინა სტატისტიკით და მონიტორინგის შედეგით. არაერთხელ მივმართეთ „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელობას, რომ მოეწოდებინა მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობის საზოგადოებრივი ტრასპორტი მოძრაობს ქალაქში; დღის განმავლობაში, რამდენი ბათუმელი სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით; ზოგადად, რამდენი მარშრუტით მოძრაობს ტრასპორტი. თუმცა, ამ მონაცემების მოწოდებაზე უწყებამ თავი შეიკავა. უფრო მეტიც, პრეს-სამსახურმა ჩვენს სატელეფონო ზარებსაც აღარ უპასუხა.

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button