ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

რამდენიმედღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, ჭიათურაში 10-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. მაღაროელები აღნიშნავენ, რომ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც კომპანია ჯორჯიან მანგანეზი დათმობაზე არ წავიდა. გაფიცულები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ.
„მინიმუმს ვითხოვდით 6 დღის განმავლობაში, ამის მოთხოვნაც არ უნდა დაგვჭირვებოდა, დღეს კი უკვე ერთ-ერთი უპირობო მოთხოვნაა ხელფასის ზრდა. ასევე, არის უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება, მომარაგება, ისედაც საშიშ პირობებში კიდევ არ უნდა დაგვიზიანდეს ჯანმრთელობა და უნდა იყოს გამართული. არ შევწყვეტთ შიმშილობას ვიდრე შედეგს არ მივიღებთ. ვთხოვთ ხელისუფლებას, დაინტერესდნენ მაღაროელთა მოთხოვნებით“, – აცხადებს ერთ-ერთი მოშიმშილე.
მაღაროელები უკვე მე-8 დღეა გაფიცულები არიან – მათი მთავარი მოთხოვნები ღირსეული ანაზღაურება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომითი ნორმების დაცვაა. კომპანია ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა გუშინ შედგა, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა. გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.
პროტესტის პარალელურად, რამდენიმე დღის წინ კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, კომპანია თანამშრომლებს შეცვლილ სამუშაო პირობას სთავაზობს, რათა არ შეწყდეს მათი საქმიანობა. კომპანია აცხადებს, რომ კრიზისის მიუხედავად უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები.
მაღაროელები კვირაზე მეტია, ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ.
ჭიათურაში, მიმდინარე მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე – კომპანიის მენეჯმენტთან.
„მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მერვე დღეა, გრძელდება. პროტესტის ნიშნად, წუხელ ცხრა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო.
ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ.