ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ.
შუქრუთელების თბილისში ჩამოსვლის მიზეზი ცენტრალრი ხელისუფლების პროცესში ჩართვის მოთხოვნაა. პროტესტის ნიშნად, აქციის ზოგიერთმა მონაწილემ შიმშილობა დაიწყო და პირი ამოიკერა.
აქციის მონაწილეები „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
შუქრუთელები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა.
„გვაზიანებს კომპანია და არ გვაქცევენ ყურადღებას. ზიანდება სახლები, არის მარგანეცის მტვერი და ფაქტობრივად, აღარ შეიძლება იქ ცხოვრება. არ აინტერესებს არავის ჩვენი გასაჭირი. მოგვაქციონ ყურადღება, სახელმწიფო ჩაერთოს, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. შეაწუხოს ეს კომპანია. თვეები და წლებია ეს პროტესტი გრძელდება. მე-11 დღეა ბიჭები შიმშილობენ. ვაპირებთ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი მამაპაპისეული ადგილ-მამული. არ ვაპირებთ, რომ ეს ადგილები ვიღაცას ვაჩუქოთ იმისთვის, რომ მილიარდერი გახდეს”, – განაცხადა შუქრუთის მაცხოვრებელმა, ბექა მეფარიძემ.
პარლამენტის წინ შეკრებილები კომპანიის საქმიანობის შედაგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ბოლოს მათ პროტესტი მარტში გამოხატეს და მათი თქმით, ამ ხნის მანძილზე ხელისუფლების და “ჯორჯიან მანგანეზის” მხრიდან არავინ გამოხმაურებიათ.
ცნობისთვის, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას უკვე 183-ე დღეა ითხოვს. აქციის სამმა მონაწილემ კი, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან რამდენიმე თვეა, უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტების თქმით, სოფელში საცხოვრებელი სახლები ინგრევა, რაც მადნის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირდება. შუქრუთელები მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.