ტელეკომპანია “იბერია” ზეწოლაზე საუბრობს
ტელეკომპანია იბერია ზეწოლაზე ალაპარაკდა. .არხის სახელით განცხადება საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ხუზმიაშვილის თქმით, ომეგა ჯგუფისთვის მიყენებული 100-მილიონიანი ზარალი ტელევიზიის მაუწყებლობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, რადგან ეს კომპანია არხის ძირითადი დამფინანსებელია.
ტელეკომპანია “იბერიაზე” ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავენ მმართველ გუნდში და არხის ხელმძღვანელობას შანტაჟში ადანაშაულებენ.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მსგავსი მედიაპლურალიზმი, რომელიც მათი ხელისუფლების დროს არის – ქვეყანაში არასდროს ყოფილა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ “იბერიასთან” მიმართებაში ხელისუფლებას რაიმე ინტერესი გააჩნია.
განსხვავებულად ფიქრობენ ოპოზიციაში. “ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კრიტიკული აზრი ქვეყანაში აღარ იყოს, რომ ადამიანებმა რეალური პრობლემები ვერ დაინახონ, სიღარიბე, სიდუხჭირე, კრიმინალი და ა.შ. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ როდესაც ჩართავს ტელევიზორს ივანიშვილი ის არ გავიდეს კომფორტის ზონიდან”,- ამბობს, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
“ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
თავად ტელეკომპანია “იბერიაში” კი აცხადებენ, რომ “ომეგა“ ჯგუფს, რომელიც ტელეკომპანია “იბერიის” ფინანსური სტაბილურობის გარანტია, პრობლემები ხელოვნურად აქვს შექმნილი.