ტექინსპექტირების მზარდი ფასები და შედეგები
რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"
ავტორი: მიხეილ ხაჩიძე
მეექვსე წელია, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს ტექინსპექტირება ევალებათ. კონტროლის მექანიზმის შემოღების მიზეზი და მიზანი საგზაო უსაფრთხოების სფეროში ევროპარლამენტისა და ევროკავშირის დირექტივასთან დაახლოება იყო. ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული რეფორმების გზას ქვეყანა 2018 წლიდან დაადგა, თუმცა პერიოდული ცვლილებების მიუხედავად, ამ გზის ბოლოს ვერც ექვსი წლის თავზე გავიდა. მორიგი რეგულაციის თანახმად, რომლის მიღებასაც მთავრობა მომავალი წლისთვის გეგმავს, მძღოლებს ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შემოწმება უფრო ძვირი დაუჯდებათ.
ამ ეტაპზე არსებული ტარიფების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური შემოწმება, მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, 60-ს, სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტის შემთხვევაში კი, 100 ლარს შეადგენს. 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან განმეორებითი ტექინსპექტირების საფასური მსუბუქი მანქანებისთვის 20, სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტისთვის კი, 30 ლარით განისაზღვრა.
მძღოლები:
„წელიწადში ერთხელ მიწევს ტექინსპექტირება. ვიხდი 60 ლარს. სადღაც 20 წუთია საჭირო, რომ ეს პროცესი მორჩეს. პრინციპში, რაც მანქანა მყავს, არასდროს მომხდარა, რომ ვერ გამეტარებინა ტექინსპექტირება. შესაბამისად, არანაირი სირთულე არ შემქმნია. რა ვიცი, ჩემთვის მარტივია და მისაღებია და ვფიქრობ, სავალდებულოა იმიტომ, რომ მანქანა თუ არ იქნება მწყობრში, როგორც მძღოლისთვის, ისევე სხვა მძღოლებისთვის, არის საკმაოდ საშიში.“
„რა არის, იცი? თავიდან, ყველა ისე ვიყავით განწყობილები, – უარყოფითად. მაგრამ რაღაც შემთხვევაში, კარგია იმიტომ, რომ რაღაცა რეგულირდება, ასე ვთქვათ, ჰაერის სისუფთავე და დაბინძურება და ასე შემდეგ… ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ თავისი სირთულეებიც, რაღაც-რაღაცები, წვრილი დეტალები აქვს.“
ახალი რეგულაციის თანახმად, 2025 წლიდან პირველადი დათვალიერების საფასური 90 ლარამდე გაიზრდება, ხოლო განმეორებითი შემოწმების ფასი უცვლელი დარჩება. იმას, რომ ცვლილებების 6 წლის თავზე პრობლემების ნუსხა ბოლომდე მოგვარებული არ არის, მგზავრებიც აღნიშნავენ.
მგზავრები:
„ტექინსპექტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, შენთვის. იმიტომ, რომ მთელ დღეს თითქმის, ატარებ მანქანაში და ტრანსპორტში და მერე კიდევ ის, რომ მესამე პირი გადაგყავს და იმის სიცოცხლეზეც შენ ხარ პასუხისმგებელი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამასთან შედარებით, არცერთი პუნქტი ტექინსპექტირების, არ არის არასწორი. პირიქით, მე ერთი-ორ რაღაცას კიდევ გავამკაცრებდი.“
„ვცდილობ ხოლმე, რომ მიკროავტობუსით, ეგრეთწოდებული „მარშუტკით“ არ ვიმგზავრო ხოლმე. არ არის ჩემთვის კომფორტული. აი, ტაქსებს რაც შეეხება, მქონია შემთხვევა, რომ ისეთი მანქანა მოსულა, რომ ჩაჯდომა არ მომდომებია. უბრალოდ, სხვა გზა რომ არ არის… კი, ტაქსების შემთხვევაში, მართლა ძალიან დიდი დისკომფორტია ხოლმე. ძალიან ძველი მანქანებით გადაადგილდება ბევრი.“
„ნუ, აქ არის… საფასური, დაახლოებით, 60 ლარამდე ჯდება და მე ვფიქრობ, რომ ცოტა არარეალური არის და ძვირი არის… ჩემი აზრით. მაგრამ საქართველოში ყველაფერი ძვირი არის და აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვიღაცისთვის, ეს ნორმა იყოს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, რომ ცოტა ნაკლები გადასახადიც იყოს.“
„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ტექინსპექტირების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან, მთავარ გამოწვევად, პროფესიონალი კადრების შენარჩუნებაა. სფეროში გადინება მაღალია, რაც პირდაპირ უკავშირდება ანაზღაურებას. სწორედ ამიტომ, მომსახურების ფასის ზრდის საკითხი წამოიჭრა. მესხიშვილი მანიპულაციების შესახებაც საუბრობს, რომლებსაც მძღოლები ხშირად მიმართავენ.
დავით მესხიშვილი:
„არსებობს გაეროს ეკონომიკური კომისიის კვლევები, რომლის მიხედვითაც, განვითარებად ქვეყნებში, საგზაო შემთხვევების 25-30% მოდის ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. ტექინსპექტირებაზე ავტომობილები მოდის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში და შემდეგ, საგზაო შემთხვევებზე, ვხედავთ, რომ სატრანსპორტო საშუალება არის გადაკეთებული. დღეს ტექინსპექტირება არ არის გეოგრაფიულად ხელმისავწდომი მომსახურება. კომპანია „გრინვეი“, მაგალითად, რომელიც ექსკლუზიურად ფლობს სამ მოძრავ ხაზს და განკუთვნილია მთიანი მუნიციპალიტეტებისთვის… ეს მომსახურება არ მიეწოდება მათ.“
ოფიციალურად, საქართველოში 1.7 მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული. მათი უმეტესობა თბილისში იყრის თავს. მაღალი სატრანსპორტო მობილობა გამონაბოლქვის რისკებს ზრდის. გაუმართავი მანქანები კი, ბევრია.
ფასების ზრდასა და გამოწვევებზე, განმარტებას ტექინსპექტირების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი შიოლაშვილი აკეთებს.
გიორგი შიოლაშვილი:
„ვიმედოვნებ, მომავალი წლისთვის უფრო გააქტიურდება ამაზე კომუნიკაცია ჩვენთან და იმედი მაქვს, რომ მომავალი წლისთვის, გადაიხედება. თუ გადავხედავთ დახარვეზების მაჩვენებელს, თავიდან რომ დაიწყო ტექინსპექტირების პროცესი ქვეყანაში, მაშინ გაცილებით მაღალი იყო დახარვეზება და ახლა უკვე ჩამოსულია, სადღაც… 20-დან 25 პროცენტამდეა პირველ ინსპექტირებაზე დახარვეზების მაჩვენებელი.“
დაბოლოს, კანონის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალება ინსპექტირებას დროულად არ გაივლის, ქვეყნის მასშტაბით განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის კამერები ან პოლიციის ეკიპაჟები მძღოლს 50 ლარით დააჯარიმებენ. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში მას საურავი დაეკისრება.
წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.