პესკოვი – ნატო ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი ორგანიზაციაა

კრემლის თქმით, ნატოს სამხედრო ალიანსი გამუდმებით ავლენს მტრულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და სულ უფრო და უფრო მეტად ერთვება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში.
„ნატო არის ჩვენ მიმართ მტრული ორგანზაცია, რომელიც ყოველდღე ავლენს ამ მტრულ დამოკიდებულებას,“ განუცხადა 14 თებერვალს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
მოსკოვის თანახმად, ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტის გაჭიანურებას იწვევს და ზრდის მისი შემდგომი ესკალაციის შესაძლებლობას.
კიევი და დასავლეთი აცხადებენ, რომ მოწინავე სამხედრო ტექნიკის მიწოდებას უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა იარაღი, რომელიც მას ომის მოსაგებად სჭირდება.
NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსის წვერებს შორის კონსულტაციები კიევის მხარდასაჭერად მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
“როცა საქმე ეხება არტილერიას, ჩვენ გვჭირდება საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები, მთელი რიგი ლოჯისტიკა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ იარაღის სისტემების შენარჩუნებას. ეს გახდა გამანადგურებელი ომი და შესაბამისად, ის ასევე ლოჯისტიკის ბრძოლაა”, – თქვა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხზე. მისი თქმით, “ამჟამად ეს უკრაინისთვის გადაუდებელი საკითხი არაა”. როგორც მან აღნიშნა, ალიანსმა ფოკუსირება უნდა გააკეთოს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის მიწოდებაზე.
სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი განცხადება, რომ რუსეთი არა მშვიდობისთვის, არამედ ომის გაგრძელებისთვის ემზადება.
“ჩვენ ვერანაირ მინიშნებას ვერ ვხედავთ, რომ პუტინი მშვიდობისთვის ემზადება. რასაც ვხედავთ, ეს ამის საპირისპიროა – ის ემზადება ომის გაგრძელებისთვის, ახალი თავდასხმებისთვის. ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მეტი მხარდაჭერა გაუწიონ უკრაინას”, – თქვა სტოლტენბერგმა.
სამშაბათს და ოთხშაბათს ბრიუსელში იმართება ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, რომლის დღის წესრიგშია ალიანსის შეკავების და თავდაცვის პოტენციალის გაძლიერება, უკრაინის შემდგომი დახმარება და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა.
ორდღიანი შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც პრეზიდენტი პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება და ახალ შეტევებს იწყებს, ამიტომ უნდა გაგრძელდეს უკრაინის გამარჯვებისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად საჭირო დახმარება.