მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა 5-8 წელიწადში NATO-ს წევრი ქვეყნები დაბომბოს-პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, 5-8 წელიწადში NATO-ს წევრ ქვეყნებს შეუტიოს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.
როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ.

“უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყნებსაც შეუტიოს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ეს შესაძლებელი იქნება 5-8 წელიწადში.

კრემლი თითქმის ყოველდღე იმუქრება, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებს აშინებს. სწრაფად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა არსებული სიტუაციის ფონზე”, – აღნიშნა მან.

ამასთან, პისტორიუსმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ცვლილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მზადაა, შეიარაღებულ ძალებში დაუშვას ის ადამიანები, რომლებსაც გერმანიის მოქალაქეობა არ აქვთ.

„ჩვენ სწრაფად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა არსებული სიტუაციის ფონზე“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
მანამდე, ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ საკუთარი სამხედრო ძალით, რუსეთი 3-5 წელიწადში, შესაძლოა, დიდი საფრთხე გახდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.
ევროპას სამიდან ხუთ წლამდე აქვს დრო რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოსამზადებლად, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

კალასმა ესტონეთის დაზვერვის შეფასებაზე დაყრდნობით თქვა, რომ რუსეთს, უკრაინაში ჰიპოთეტური ზავის შემთხვევაში, სამი-ხუთი წელი დასჭირდება ნატო-ს აღმოსავლეთის წევრი ქვეყნების საზღვარზე სამხედრო საფრთხის აღსადგენად.

„ეს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნებთ ერთიანობას და პოზიციას უკრაინის მიმართ, იმიტომ, რომ რუსეთს სჭირდება პაუზა და ეს პაუზა არის იმისთვის, რომ მოაგროვოს თავისი რესურსი და ძალა. სისუსტე აგრესორების პროვოცირებას ახდენს, შესაბამისად, სისუსტე იწვევს რუსეთს“, – განაცხადა კალასმა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დასავლეთმა უნდა გააძლიეროს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, რათა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენოს და რუსეთს ჩამოართვას შესაძლებლობა, დაემუქროს მეზობლებს.

ამასთან, კალასის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ნატო-მ უნდა მიიღოს ცივი ომის სტილის სტრატეგია რუსეთის „შესაკავებლად“, რომელიც მოიცავს თითოეული წევრი ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდას.

„რუსეთს არასოდეს წაუგია თავისი ომი. მე ბევრს ვკითხულობ და ვცდილობ, გავიგო, როგორ შეიძლება გავარღვიოთ ეს ისტორიული წრე და ამის მთავარი ელემენტია პასუხისმგებლობა. ისინი არასდროს აგებენ პასუხს ჩადენილი დანაშაულებისთვის“, – აღნიშნა კალასმა.

თუ უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს, მოსკოვის გამარჯვება ევროპისთვის კარგად არ დამთავრდება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

„არ არსებობს სცენარი, რომ თუ უკრაინა არ მოიგებს, ეს შეიძლება კარგად დასრულდეს ევროპისთვის“, – აღნიშნა ლანდსბერგისმა.

მისი თქმით, არსებობს შანსი, რომ რუსეთი უკრაინაზე არ შეჩერდება. ლანდსბერგისმა განარტა, რომ ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც ევროპას შეუძლია მეტი გააკეთოს თავდაცვის გასაძლიერებლად საერთო შესყიდვებია.

„ჩვენ შეგვეძლო შევიძინო ის, რაც საჭიროა ევროპის დასაცავად. ზოგიერთმა ჩვენგანმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს სხვამ უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს ევროპის ომია“, – აღნიშნა ლანდსბერგისმა.
ნატო-ს ქვეყნები არ უნდა იყვნენ იმის იმედად, რომ მშვიდობიანი ცხოვრება თავისთავად გაგრძელდება და რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადონ, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს მშვიდობიან მოსახლეობაზე, – მედიის ინფორმაციით, ეს მოსაზრება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიდერლანდელმა ადმირალმა რობ ბაუერმა ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა.

“უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ მშვიდობიანად ვცხოვრობთ, მოცემულობა არ არის. სწორედ ამიტომ ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის, მაგრამ დისკუსია გაცილებით ფართოა. ეს არის ინდუსტრიული ბაზა და ასევე ადამიანები, რომლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ისინი გარკვეულ როლს ასრულებენ”, – აღნიშნა ბაუერმა.

მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ კონფლიქტისთვის მომდევნო 20 წლის განმავლობაში, რომელიც მოითხოვს მათ ცხოვრებაში დიდ ცვლილებას.

ბაუერის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გლობალური ომი დაიწყება, მთავრობები დაწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი ქვეყნები მზად არიან ომისთვის.

“უნდა დავიწყოთ იმის გაცნობიერებით, რომ ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება და ყველაფერი შოკოლადში არ იქნება მომდევნო 20 წლის განმავლობაში”, – აღნიშნა ბაუერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button