მნიშვნელოვანისიახლეები

,,ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიღწევა შესაძლებელია “მოთმინებითა” და “თანმიმდევრული პოლიტიკით”-კობახიძე

ივანიშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს

“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიღწევა შესაძლებელია “მოთმინებითა” და “თანმიმდევრული პოლიტიკით”. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა, 6 აპრილის ინტერვიუში.

“მოვლენები დინამიკურად ვითარდება და ჯერ ცნობილი არ არის, საით წავა პროცესები, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი თანმიმდევრული პოლიტიკისა და მოთმინების პირობებში, მათ შორის რაც არის ჩვენი მთავარი ოცნება – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ესეც არის რეალური, თუ ჩვენ გამოვიჩენთ მოთმინებას და თანმიმდევრულად გავყვებით ჩვენს პოლიტიკას. სხვადასხვა ფაქტორზე იქნება ამ საკითხის გადაჭრა დამოკიდებული, თუმცა მოთმინებით და სწორი პოლიტიკით ყველაფერი არის შესაძლებელი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია გამოთქმული თეზისები და იდეები ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

“სამხრეთ ოსეთი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას, არ აპირებს შეცვალოს განვითარების ვექტორი და მისწრაფება, გააძლიეროს ურთიერთობები მისი უსაფრთხოების გარანტთან – რუსეთის ფედერაციასთან. ცხინვალს არაერთხელ გაუჟღერებია თავისი პოზიცია, რომელიც დაფუძნებულია სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანზე, რაც ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის არ არსებობა, მსგავსი განცხადებებთან ერთად, ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილურობას”, – წერია განცხადებაში.

კობახიძის განცხადებას ოკუპირებული სოხუმიც გამოეხმაურა, რომლის მტკიცებითაც, საქართველოსთან შემდგომი თანაცხოვრება შესაძლებელია “კეთილმეზობლობისა” და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.

“საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ მიუთითებს, რომ არ არსებობს სურვილი თავი დააღწიონ ძველ მიდგომებს, რომლებიც დიდი ხანია ვერ შეესაბამება არსებულ რეალობას. აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ დეკლარაციების ნაცვლად, ვისურვებდით, ვიხილოთ საქართველოს მხრიდან კონსტრუქციული დიალოგის სურვილი და კომპრომისების ძიება, რომელიც შექმნის მშვიდობიან და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა არაერთგზის წამოწიეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემა. პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს, რაც საჭიროდ გახდის საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.

ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზად იქნებოდა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაეყვანა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს.

ის ოსი ხალხისთვის 2008 წლის მოვლენების გამო ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზეც საუბრობდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთს და “სამხრეთ ოსეთს” ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.

ამასთან, მოსკოვი აცხადებს, რომ არ აპირებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის აღიარებაზე” უარის თქმას.

მსგავსი პოსტები

Back to top button