სიახლეები

თალაკვაძე: რასაც ჟურნალისტები აღიარებთ, რომ თქვენი პოზიტიური ვალდებულებაა, იწერება კანონში

პარლამენტში დღეს იწყებენ მაუწყებლობის შესახებ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას, რომელსაც მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია საშიშად მიიჩნევს.

თუმცა, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ჟურნალისტების პოზიტიური ვალდებულების კანონმდებლობაში ასახვაა.

“თქვენ, ჟურნალისტებს, მაინტერესებს, როცა სიუჟეტს აკეთებთ, გაქვთ თუ არა პოზიტიური ვალდებულება, ინფორმაცია გადაამოწმოთ და მეორე მხარესაც მისცეთ პასუხის და პოზიციის გამოხატვის საშუალება? თქვენ თვითონ ამბობთ, რომ ამის პოზიტიური ვალდებულება გაქვთ.

მიმდინარეობს არაერთი სასამართლო დავა ცილისმწამებლურ განცხადებებთან, ყალბ ნიუსებთან, დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. მხოლოდ ის, რასაც თქვენ საჯაროდ აღიარებთ, რომ თქვენი პოზიტიური ვალდებულებაა, აისახება კანონმდებლობაში და ვფიქრობ, არანაირი პრობლემა დემოკრატიულ საზოგადოებაში, თავისუფალი მედიის პირობებში, არ არის იმაში, თუ ადამიანს ექნება კანონით დაცული საშუალება, პასუხი გასცეს კითხვებს და წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია იმ საკითხებზე, რასაც მედია აშუქებს და მაღალი საჯარო ინტერესის საგანი ხდება ხოლმე.

რაც შეეხება სასამართლო დავებს, თუ დავების რაოდენობამ მოიმატა, ეს ახლა გახლავთ მომატებული იმის გამო, რომ ხშირად პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები და ჟურნალისტები არ აძლევენ კონკრეტულ ადამიანებს საშუალებას, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს”. – ამბობს ქართული ოცნების წევრი.

კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამების და რეკლამის გავრცელება.

კერძოდ, ჩანაწერის მიხედვით:

55.1 მუხლის შემდეგ დაემატოს 55.2 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის აკრძალვა

1. იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე.

2. იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს ტერორიზმისკენ მოწოდებას”.

ასევე, კანონს ემატება ჩანაწერი “პასუხის უფლების” შესახებ – “პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს.

ამასთან, ცვლილების მიხედვით, დაუშვებელია ქვეცნობიერზე ზემოქმედება.

ჩანაწერის მიხედვით:

“მუხლი 57.

ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა მედია მომსახურების მიმწოდებლებს ეკრძალებათ ისეთი პროგრამის ან რეკლამის გადაცემა, რომელსაც შეუძლია ტექნიკური აუდიო-ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელის ან მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს გავლენა”.

ვინ დაადგენს, რამ შეიძლება მოახდინოს ზეგავლენა ქვეცნობიერზე, კანონპროექტით დაზუსტებული არ არის.

კანონპროექტში ნახსენებია ტერმინი ჯეროვანი სიზუსტე.

“მუხლი 52.

ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები”.

ცვლილებების საფუძვლად კანონპროექტის ავტორები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას ასახელებენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ეს ნაწილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და გააუარესებს მედიაგარემოს საქართველოში.

მსგავსი პოსტები

Back to top button