თალიბებმა ავღანეთში მოლდოვის ვერტმფრენი ჩამოაგდეს
ტერორისტული ორგანიზაცია “თალიბანის” მეომრებმა მოლდოვის კუთვნილი კომპანიის ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რომელიც ავღანეთში გაეროს ეგიდით მშვიდობისმყოფელ ოპერაციაში მონაწილეობდა, – გადმოსცემს ტელეარხი Publika TV.
ავღანური პრესის ინფორმაციით, ვერტმფრენი კურდუზის პროვინციაში ჩამოვარდა, რომელიც თალიბების კონტროლის ქვეშ იმყოფება.
პროვინციის პოლიციის უფროსის ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე 21 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 18 თალიბებმა ტყვედ აიყვანეს, 3 კი დაიღუპა.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ოლეგ ბალანის განცხადებით, ვერტმფრენის ბორტზე მოლდოვის 3 მოქალაქე იმყოფებოდა.
სააგენტო AFP გადმოსცემს, რომ ვერტმფრენი ტექნიკური პრობლემების გამო ჩამოვარდა. მოძრაობა “თალიბანის” წარმომადგენლებმა კი უკვე განაცხადეს, რომ ტყვეების სიკვდილით დასჯას გეგმავენ.