მნიშვნელოვანისაქართველო

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ახლა უკვე ორი მუხლით მიმდინარეობს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმე გადაკვალიფიცირდა და ახლა უკვე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ სცნო.

საქართველოს პროკურატურამ სრულად დაუკმაყოფილა, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს განცხადება გარდაცვლილის მამის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ, რაც ოჯახს და მის ადვოკატს საქმის მასალებზე სრულად წვდომის შესაძლებლობას მისცემს.

“ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში 2020 წლის 19 ივლისს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 24 ივლისს, საქმეს დაემატა კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას.

ასევე გაზიარებულ იქნა გარდაცვლილის ოჯახის წევრების თხოვნა და ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ ,,ემპათიას’’ წარმომადგენელმა გალინა კარმუშინამ.” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის გვამის პოვნიდან მხოლოდ მეორე დღეს გააკეთა პირველი განცხადება.

განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ 23 წლის პროგრამისტის საქმეზე გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს, რაც შეეხება ახალგაზრდა ქალის გაუჩინარებიდან მის პოვნამდე ჩატარებულ სამუშაოებს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის თქმით, “სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობდა ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის, თამარ ბაჩალიაშვილის ფოტოსურათი დაიგზავნა საქართველოს მასშტაბით ყველა დანაყოფს, ასევე, ძებნაზე გადაეცა მისი ავტომანქანა. დაკარგული გოგონას სამძებრო ღონისძიებებში, პოლიციელებთან ერთად, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რა დროსაც გამოყენებულ იქნა დრონები, სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებები და ვერტმფრენი.”

“მექანიკური დაზიანებები, ძალადობის კვალი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულს არ აღენიშნება” – უთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებს.

“ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბრის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალეიშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. ასევე, თამარ ბაჩალეიშვილის სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, გამოიკითხნენ მისი თანამშრომლები, ოჯახის წევრები, გამოთხოვილია ვიდეო კამერების ჩანაწერები” – თქვა მამუკა ჭელიძემ.

თამარ ბაჩალიაშვილის გვამის დათვალიერების ექსპერტიზის პასუხს ოჯახი და ადვოკატი რამდენიმე დღეში მიიღებს.

რისგან გარდაიცვალა თამარ ბაჩალიაშვილი, ამას ტოქსიკოლოგიური კვლევა დაადგენს. ნიმუშები უკვე აღებულია.

თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში.

ოფიციალური ვერსიით, ბაჩალიაშვილის ავტომობილი მწყემსმა იპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button