კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მწყემსმა იპოვა

ადგილი, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს, საავტომობილო გზიდან რამდენიმე მეტრშია. მანქანა მინდორზე, რამდენიმე ხეს შორის დგას.

ამ დროისთვის, ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ცხედარი ექსპერტიზაზე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ.

ცნობილი ხდება რამდენიმე გარემოება ადგილიდან, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ცნობები ჯერჯერობით ოფიციალურად დაუდასტურებელია.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უკანა სავარძელზე იყო და პირველადი დათვალიერებით, მას ჭრილობები არ ქონდა.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ ავტომობილი არა სამართალდამცველებმა, არამედ მწყემსმა იპოვა, რომელიც საქონელს ერეკებოდა.

ერთ-ერთი დაუდასტურებელი ვერსიით, ავტომობილი, შესაძლოა, ადგილზე დღეს მიეყვანათ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოჯახი გამოძიებას არ ენდობა.

რამიშვილის თქმით, გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან და მან თხოვნით უკვე მიმართა „ემპათიის“ ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს.

„ავტომობილში უკანა სავარძელზე იყო ახალგაზრდა ბავშვი. ექსპერტიზის წამომადგენლები არიან. ყველა იმ მოქმედებას ახორციელებენ, რაც საჭიროა. ვინაიდან, მე თავად, გიორგი შაქარაშვილის საქმიდან გამომდინარე, ექსპერტების მხრიდან სრულყოფილი ნდობა არ გამაჩნია, ჩვენი მხრიდან ჩაერთვებიან შესაბამისი ექსპერტები, დამოუკიდებელი ექსპერტები. საეჭვოა, არაფერი უღრანი ტყე არ არის, დრონს რომ არ დაენახა. გამოძიებას ოჯახი უნდობლობას უცხადებს.” – განაცხადა რამიშვილმა.

მოისმინეთ მიხეილ რამიშვილის საუბარი ჟურნალისტებთან.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მისი შვილი სამსახურიდან აღელვებული ბრუნდებოდა. მისივე თქმით, შენობასთან, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა ორჯერ მივიდა, თუმცა კარზე არავითარი წარწერა არ იყო და ოფისის პოვნა ვერ შეძლო.

„გაბრაზებული, აღელვებული მოდიოდა გვიან. ასჯერ ვუთხარი, დაენებებინა ამ სამსახურისთვის თავი. არ მეუბნებოდა არაფერს. ორჯერ მივედი იმ კორპუსთან, სადაც მუშაობდა და არ შემიშვა. ერთხელ შევედი, არც წარწერები და არაფერი არ იყო და ისევ გამოვედი.” – განაცხადა ბაჩალიაშვილის მამამ. როგორც მამა ამბობს, რომ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, იმ პიროვნებამ გააფრთხილა, რომელმაც კომპიუტერი შესამოწმებლად წაიღო.

„მითხრეს, კომპიუტერი გავხსენით და თქვენი შვილი ძალიან დიდი პრობლემის წინაშეაო.” – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კიდევ ერთი სამართალდამცველი მას საპირისპირო ინფორმაციას აწვდიდა და ამბობდა, რომ კომპიუტერი გახსნილი ჯერ არ იყო.

„არ უთქვამთ, რა პრობლემის. ეს იყო გუშინ. ეს მითხრა იმან, ვის ხელშიც კომპიუტერი იყო. ამის შემდეგ მეორე მოვიდა და არ არის კომპიუტერი გახსნილიო. სახელებს არ ვიტყვი. შევეწირები ამ საქმეს… ესე იგი, საქართველოში ვერ ცხოვრობს ადამიანი ნორმალურად.” – განაცხადა ბაჩალიაშვილს მამამ.

“სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, ეს არის უნამუსო ტყუილი.” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლკიმ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ძებნიდან მე-5 დღეს პოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, “სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ”.

“არაერთი მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის, არის დაფიქსირებული წარსულში, თუმცა არავის არასდროს არ უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება. სახელმწიფო თავად ჩადიოდა დანაშაულს და ეს იყო ერთადერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას.” – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ. გუშინ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ფონიჭალაში ცენტრალური გზა გადაკეტეს და განაცხადეს, რომ სამართალდამცველები არასათანადოდ მუშაობდნენ. საპროტესტო აქციის შემდეგ, შსს-ში განაცხადეს, რომ სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთვებოდა. არც ადგილობრივებს და არც ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბაჩალიაშვილს თეთრიწყაროსთან. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ამ დრომდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. არც ადგილობრივებს და არც ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბაჩალიაშვილს თეთრიწყაროსთან.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button