თამარ კორძაია პოლიტიკიდან წავიდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2025/02/TAMAR-KORZAIA-780x470.jpg)
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ იგი ფეისბუკზე წერს.
მისივე თქმით, ის რჩება აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად.
“მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ – მივდივარ პოლიტიკიდან. 2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი.
ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ – არა. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ყველა გადაწყვეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკარნახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას მაგრძნობინებდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი ამასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოყვება, ესეც გასაგებია. ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად”, – წერს კორძაია.
კორძაია არ საუბრობს სამომავლო გეგმებზე და წერს, რომ რჩება “აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად”.
თამარ კორძაია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიით იყრიდა კენჭს.
5 თებერვალს “ქართული ოცნების” სადავო პარლამენტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას დაუჭირა მხარი.
თამარ კორძაია მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო საარჩევნო ბლოკით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. მან 2021 წელს განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ.
ცნობისთვის, თამარ კორძაია საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიით იყრიდა კენჭს.