“თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალური დირექტორის თქმით ბორტზე, რითაც ის საქართველოში ჩამოყვანეს ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში „მოტაცებით ჩამოიყვანეს“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.
ამის შესახებ მან განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმე („მტკვარი ჰესი“) განიხილება.
როგორც ბაჩიაშვილმა განმარტა, ის ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარა ჩამოფარებული გაიტაცეს და უკანონოდ ჩამომიყვანეს საქართველოში.
„ყველა ნორმის დარღვევით, თავზე მეშოკწამოფარებული, მე უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის და ქართული სამართლის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის შეკვეთილი და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაციას, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი – ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს“, – თქვა ბაჩიაშვილმა.
მისი თქმით, ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის შესრულებით განხორციელებული ქმედება.
“პატივცემულო მოსამართლე, 13 წელი ვმუშაობდი ივანიშვილისთვის სტრუქტურაში, საჯაროდ განვაცხადე, როგორ ხდებოდა სახელმწიფოს მიტაცება… მან პირდაპირ მომთხოვა იმ ანტიდასავლური, ანტიევროპული წერილების გამოქვეყნება, რომელსაც დღემდე ბატონი შათირიშვილი აქვეყნებს. ზუსტად აქ ჩაეყარა საფუძველი იმ დაპირისპირებას, რომელიც ჩვენს შორის მოხდა. ივანიშვილმა მომიწყო სასამართლო პროცესის იმიტაცია, რომელიც 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ერთადერთი გზა დამიტოვა, ჩემი ბედის ხელში აღება, ამაშია მთელი უბედურება. თუმცა, ესეც არ ეყო და შემდეგ კრიმინალურ მეთოდს – მოტაცებას მიმართა, იმ მეთოდს, რომლითაც 90-იანებში მას ძმა მოსტაცეს, იმ მეთოდს, რომლითაც კალაძეს მოსტაცეს ძმა ზუსტად იგივე მიზნით – ფულის გამოძალვის მიზნით. ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ იმ გამომძალველებს და მომტაცებლებს სახელმწიფო მიტაცებული არ ჰქონდათ. ყველა ნორმის დარღვევით, თავზე “მეშოკჩამოფარებულო”, უკანონოდ, საერთაშორისო კანონის დარღვევით საქართველოში ჩამომიყვანეს. ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ბატონი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. თქვენთვის ალბათ, გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს სუსი იძიებს, ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. მე როგორ ვიპოვი სამართალი, სად დავიცვა თავი? როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელმაც ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე ორი წელი ჯოჯოხეთი მომიწყო მე და ჩემს ოჯახს? როგორ გენდოთ იმ სისტემას, რომელმაც ორად გაყავით საქართველო? ზოგ-ზოგიერთები გამოდიან ტელევიზიით და ამბობენ, რა კარგია, წამება არ არისო, აბა, კითხეთ ჩვენს მშობლებს, თუ არ არის წამება? კითხეთ იმ დაჭერილი ახალგაზრდების, “სინდისის პატიმრების” მშობლებს, მზია ამაღლობელის ოჯახს, თუ არ არის ეს წამება?”,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მისი განმარტებით, მის მიმართ თანხის გამოძალვას აქვს ადგილი.
“ჩემს მიმართ დიდძალი თანხის გამოძალვა მიმდინარეობს, ერთ პროცესში წაიღეს მთელი ჩემი ქონება, იმ განაჩენზე დაფუძნებით, რომელიც საბოლოოც კი არ იყო”,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას განუმარტა, რომ სხვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე განმარტებას ვერ გააკეთებს, თუმცა, უთხრა, რომ “დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი არც ერთი უფლება ამ სხდომებზე არ დაირღვევა”.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილების დროს.
ბიზნესმენის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა მალევე განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს“. მასში არ იყო დაკონკრეტებული, როგორ და რა გზით ჩამოიყვანეს ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილმა საქართველოში დაბრუნების დეტალებზე 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმის განხილვის დროს ისაუბრა. ამ სხდომაზე ბრალდებულმა თქვა, რომ ის უცხო ქვეყანაში „გაიტაცეს“ და ასე დააბრუნეს თბილისში.
„მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ასეთი მოქმედება ჩემ წინააღმდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები.
საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის – ინტერპოლით ძებნა იყო შეჩერებული. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში“, – თქვა მან.
ბორტი, რომელზეც ბაჩიაშვილი საუბრობდა, flightradar24-ის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 26 მაისს გაფრინდა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით, ჩაფრინდა დუბაიში და მალევე დაბრუნდა უკან. რადიო თავისუფლებამ Georgian Airways-ს ჰკითხა, ვისი დაკვეთით შესრულდა ეს ფრენა და ვინ იყო მგზავრი.
„კერძო პირების მიერ ყოველდღე ხდება რეისების დაკვეთა და პერსონალურ მონაცემებს ვერ გავცემთ“, – კომპანიაში არ უპასუხეს კითხვას, ეს კონკრეტული ფრენა სახელმწიფოს დაკვეთით შესრულდა თუ კერძო პირის.