მნიშვნელოვანისიახლეები

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ბაჩიაშვილმა ქვეყანა სომხეთის პუნქტის გვერდის ავლით დატოვა

პროკურატურამ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილს უკვე მესამე საქმეზე წარუდგინა ბრალი – ამჯერად დაუსწრებლად. ბრალდება ეხება „საზღვრის უკანონოდ კვეთას“. სასამართლომაც დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

როგორც პროკურორი ანი ხახანაშვილი განმარტავდა, ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა სომხეთი კი რუსეთის ფედერაციის პასპორტით დატოვა.

ხახანაშვილის თქმით, საქმეში არსებობს მოწმეთა გამოკითხვისა და სოციალური ქსელის დათვალიერების ოქმები. პროკურორის შუამდგომლობით, ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე, ფორმალური საფუძვლები არსებობს.

პროკურორის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები არსებობს.

როგორც ხახანაშვილმა აღნიშნა, ბაჩიაშვილი მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით მიიმალებოდა, რომ მას ორ საქმეზე გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა, ამის მიუხედავად, მან დაარღვია გირაოს პირობები და ახალი დანაშაული ჩაიდინა.

პროკურორის თქმითვე, საქმეზე დასადგენია ბაჩიაშვილთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები და ასევე ის, თუ როგორ გადაკვეთა საზღვარი.

ადვოკატი ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც ლევან მახარაშვილმა აღნიშნა, ბაჩიაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო.

მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გიორგი ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა. მან გუშინ თავად დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მიზეზად საფრთხეებზე მიღებული ინფორმაცია დაასახელა. პოსტი სოციალურ ქსელში სასამართლო სხდომის დაწყებამდე გამოაქვეყნა. თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელს საზღვრის უკანონო კვეთამდე ორი ბრალი ჰქონდა წარდგენილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დაადგინეს, ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა 2 მარტს – ორი დღით ადრე იქამდე, სანამ ის ამის შესახებ თავად განაცხადებდა.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილი თავდაპირველად ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით სომხეთში გადავიდა, იქიდან კი, რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გიორგი ბაჩიაშვილმა სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში თავის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცია გ.ბ.-ს მიერ სახელმწიფო საზღვრის, სავარაუდოდ, უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გ.ბ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში თავის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით. ინფორმაციას შედეგების შესახებ სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის. გ.ბ.-ს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბაჩიაშვილს 2023 წლის ივლისიდან აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება და საქართველოს საზღვრის კვეთა, ასევე, ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქის პასპორტები.

უცნობია, სომხეთიდან გაემგზავრა თუ არა ბაჩიაშვილი სადმე, – და თუ კი, სად.

ბაჩიაშვილმა 4 მარტს თქვა, რომ ქვეყნიდან გასვლისთვის „სისტემაში არსებული ხვრელები“ გამოიყენა. მისი თქმით, მშობლებმაც დატოვეს ქვეყანა და ევროპაში არიან.

პროკურატურამ 5 მარტს გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა – დაუსწრებლად.

გამოძიება მიმდინარეობს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ მუხლით (344-ე მუხლის პირველი ნაწილით), რაც ჯარიმას ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს აცხადებს, რომ გამოძიება „აქტიურად“ გრძელდება „დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.

ბაჩიაშვილს აქამდე ორ საქმეზე ჰქონდა ბრალი წარდგენილი და ორივე შემთხვევაში გირაო შეფარდებული.

პირველი გირაო, რომელიც 2023 წლის ივლისში შეუფარდეს, 2.5 მილიონი ლარის ოდენობის იყო, მეორე კი – 2025 წლის თებერვალში, 50 000 ლარი.

ორივე – „კრიპტოვალუტების მითვისების“ და „მტკვარი ჰესის“, – საქმეზე, ორივე შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებს.

ბაჩიაშვილს 9-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება „კრიპტოვალუტების საქმეზე“ – რასაც ის, ასევე, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.

ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა.

25 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა – სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვ

მსგავსი პოსტები

Back to top button