მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თანამდებობაზე ყოფნის 45-ე დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრად არჩევიდან 45 დღის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
მას შემდეგ, რაც მისმა პოლიტიკამ ქვეყანაში ეკონომიკური რყევები და მისი ავტორიტეტის შელახვა გამოიწვია.

„მე ამირჩია კონსერვატიულმა პარტიამ მანდატით, რომ ეს შევცვალო. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ხედვა დაბალი გადასახადებისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შესახებ. თუმცა, ვაღიარებ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ვახორციელებ იმ მანდატს, რომლითაც კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია. ამიტომ, ვესაუბრე მის უდიდებულესობას მეფეს, რათა მეცნობებინა, რომ ვტოვებ კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას. დილით შევხვდი 1922 წლის კომიტეტის თავმჯდომარეს, სერ გრეჰემ ბრედს და შევთანხმდით, რომ ლიდერის არჩევნები მომდევნო კვირაში დასრულდება. ეს უზრუნველყოფს, რომ დავრჩეთ ჩვენი ფისკალური გეგმების განხორციელების გზაზე და შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა და ეროვნული უსაფრთხოება“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა.

მანამდე ლიზ ტრასმა, რომელმაც 6 სექტემბერს დაიკავა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ეკონომიკის სფეროში თავისი შეცდომები აღიარა და სინანული გამოხატა.

“მე ვეღარ განვახორციელებ ჩემთვის მინდობილ მანდატს. მეფეს ჩემი გადადგომის განზრახვის შესახებ უკვე შევატყობინე”, – განაცხადა ცოტა ხნის წინ ლიზ ტრასმა.

მას მერე, რაც ტრასის მთავრობის მიერ ვალების დასაფინანსებლად გადასახადების სფეროში შემუშავებულმა გეგმებმა საფინანსო ბაზრებზე დიდი რყევები გამოიწვია, თანამდებობიდან გაუშვეს ფინანსთა მინისტრი კვაზი კვარტენგი. მისმა მემკვიდრემ, ჯერემი ჰანტმა, კვაზი კვარტენგის თითქმის ყველა გეგმა გააუქმა.

მისი თქმით, თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ მის მემკვიდრეს ოფიციალურად აირჩევენ პარტიის ლიდერად და მეფე ჩარლზ III-ე პრემიერ-მინისტრად დანიშნავს.
კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის და პრემიერ-მინისტრის არჩევნები მომდევნო კვირაში გაიმართება.

ლიზ ტრასს რეკორდულად მცირე ხნით, თვე-ნახევრის განმავლობაში ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. მანამდე რეკორდი ეკუთვნოდა მოულოდნელად გარდაცვლილ ჯორჯ კანნინგს, რომელიც პრემიერ-მინისტრად მხოლოდ 119 დღის განმავლობაში მუშაობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button