მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“თანამგზავრის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა

თელავში, ტელეკომპანია “თანამგზავრის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და თოქ- შოუ “დიალოგის” წამყვანმა, ნატო მეგუთნიშვილმა, ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა.

ინფორმაცია სამსახურის დატოვების შესახებ, მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

მეგუთნიშვილი წერდა, რომ შეუთანხმებლობა ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან,  თელავში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის, ლევან ანდრიაშვილის,  დებატებში მონაწილეობაზე უარს მოჰყვა.

“ჩემო მეგობრებო და კოლეგებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა თანაგრძნობისთვის და მხარდაჭერისთვის. მთავარი ისაა, რომ მე დღემდე ძალიან მიყვარს ტელეკომპანია ,,თანამგზავრი”, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში თავისუფლების სადარაჯოზე იდგა, სადაც ყოველთვის მოდიოდა და მოდის, როგორც ხელისუფლება, ასევე, ოპოზიცია და ამიტომ ეს ტელევიზია, მისი ხელმძღვანელობა და ჩემი კოლეგები ტალახის სროლისთვის არ მემეტებიან. ყოველთვის ტელეეკრანზე ვერ ვიქნები, არაუშავს… რაც შეეხება ამ შემთხვევას, სოციალურ ქსელში იმდენი ტყუილ-მართალი იწერება, გადავწყვიტე, რომ  განმარტება გავაკეთო: 1. მე ტელევიზიიდან არავის გამოვუგდივარ, საკუთარი ნებით წამოვედი; 2.გუშინდელი გადაცემა, რომელიც ჩემ მიერ მომზადდა, არავითარი პროექტის ფარგლებში არ კეთდებოდა და თუ  ეთერში არ  გავიდოდა, არანაირ სოლიდურ ჯარიმას არ ითვალისწინებდა; 3.- მერობის სახელისუფლებო კანდიდატი დებატებს არ დათანხმდა და ცალკე ბლოკში და აუცილებლად პირველ ნაწილში მოისურვა დაჯდომა, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ვინ რომელ ბლოკში დაჯდებოდა, ეს კენჭისყრას უნდა გადაეწყვიტა, როგორც ყველა სხვა საარჩევნო დროს. ვთვლი, რომ ეს ელემენტარული ჟურნალისტური პრინციპია, რომელსაც ყველა ჟურნალისტი უნდა იცავდეს. ეს ის საკუთხია, რაზეც ტელევიზიის ხელმძღვანელთან ვერ შევათანხმდი და შედეგად, გადაცემა ჩემი კითხვებით, სხვა წამყვანმა, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ წაიყვანა-წერდა ჟურნალისტი.

მოგვიანებით, ნატო მეგუთნიშვილმა პოსტი სოციალური ქსელიდან  აიღო და კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

ჟურნალისტის სამსახურიდან  წასვლაზე, ამ დრომდე,  განცხადება არ გაუკეთებია თავად ტელევიზიასაც.

“ქართული ოცნების” თელავის შტაბში, განაცხადეს, რომ  ჟურნალისტის პროტესტი და  დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმა , ერთმანეთთან არავითარ კავშირში არ არის.

თოქ- შოუ ” დიალოგი” ნატო მეგუთნიშვილის საავტორო გადაცემაა, რომელიც პოლიტიკოსებს შორის დებატებს ითვალისწინებს და ის,  ” თანამგზავრის” ეთერში, უკვე რამდენიმე წელია, გადის.

მსგავსი პოსტები

Back to top button