მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თავდამსხმელებმა ცეცხლი იერუსალიმის შესასვლელში გაჩერებაზე მყოფ ხალხს გაუხსნა

იერუსალიმში დღევანდელი შეიარაღებული თავდასხმისას მოკლულია 3 და დაჭრილია 5 ადამიანი, მათგან 3 – მძიმედ. ამის შესახებ ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს გამოცემა Jerusalem Post-ი. მანამდე დადასტურებული იყო 2 მოქალაქის სიკვდილი.
იერუსალიმის მერმა ქალაქში უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ განაცხადა. ხელისუფლებამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.

იერუსალიმის შესასვლელთან, ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ხალხს ავტომანქანიდან ცეცხლი გაუხსნა ორმა პირმა. მოკლული არიან 24 და 60 წლის ქალები და 73 წლის კაცი.
ამასთან თავდამსხმელებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო პირმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 7:40 საათზე მოხდა.

როგორც შემთხვევის ადგილზე მისულმა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა განაცხადა, ისრაელმა ტერორს სამხედრო ზეწოლით უნდა უპასუხოს. მისი თქმით, საჭიროა ისრაელის მოქალაქეებისთვის იარაღის დარიგება.

Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ორივე მათგანი ამოცნობილია – აღმოსავლეთ იერუსალიმში მცხოვრები ძმები, მურად და იბრაჰიმ ნემერები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასთან“ და სხვადასხვა დროს, ისრაელის საპატიმროში სასჯელს იხდიდნენ ტერორისტული საქმიანობისთვის. ტერორისტები M-165-ის ტიპის შაშხანებითა და პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულები. პოლიციამ მათი ავტომობილის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა აღმოაჩინა.

ისრაელის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ ოქტომბრიდან დაწყებული სამხედრო ოპერაცია ამჟამად შეჩერებულია და მძევლების გათავისუფლების მიზნით მოქმედებს დროებითი ჰუმანიტარული ზავი.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს. კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 14 000-ზე მეტი ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button