თავდასხმა ყირიმის ხიდზე- მოსკოვი უკრაინას ადანაშაულებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე საზღვაო უპილოტო აპარატებით სცადეს თავდასხმა.
როგორც უწყება ამბობს, ღამის განმავლობაში განადგურებულია სამი უპილოტო კატერი. თავდასხმის გამო ყირიმის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
“1 სექტემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 23:15 საათზე, კიევის რეჟიმმა წყალქვეშა უპილოტო ნავით ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმა სცადა. შავ ზღვაში უპილოტო აპარატი დროულად აღმოვაჩინეთ და გავანადგურეთ.
ყირიმის ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. ხიდზე მყოფებს ვთხოვთ, სიმშვიდე შეინარჩუნონ და სატრანსპორტო უსაფრთხოების თანამშრომლების მითითებები დაიცვან”, – წერია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გაკეთებულ განცხადებას უკრაინული მხარე ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
თუმცა მანამდე კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდს უკრაინის ხელისუფლება განიხილავს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ, რადგან სწორედ მისი გავლით მარაგდება უკრაინაში მყოფი რუსეთის ჯარები.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებით, რომ ყირიმის ხიდი არ არის მხოლოდ „პატარა ლოგისტიკური გზა“, არამედ ობიექტი, რომელსაც რუსი სამხედროები იყენებენ ყირიმში პოზიციების გასაძლიერებლად.
რამდენიმე დღის წინ რუსეთმა ხიდის სამხრეთით შვიდი ბარჟა განათავსა, სავარაუდოდ, უკრაინული უპილოტო აპარატებისგან თავდასაცავად.