მნიშვნელოვანისაქართველო

თავდასხმა ჟურნალისტებზე და “რუსთავი 2”-ს ბოდიში ქრისტეს შესახებ ხუმრობსათვის

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ჟურნალისტებზე თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის”
აქტივისტები“.

“მარშის” წევრები პროტესტს გამოთქვამდნენ ტელევიზიის ეთერში 18 მარტს გასულ გადაცემასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს შორის მოხდა დაპირისპირება, რომლის დროსაც ჟურნალისტი დავით ერაძე დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაწყებულია გამოძიება 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც ასევე დაწყებულია გამოძიება.

“ქართული მარშის” აქტივისტების პროტესტი გამოიწვია ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ხუმრობამ, რომელიც აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას თქვა: იესო ქრისტე 2000 წლის წინ ისრაელში კი არ უნდა მოსულიყო, არამედ ახლა აჭარაში – ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინა ივანიშნვილმა ყველა ხე თავის ეზოში გადარგოო.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა, რომლითაც ბოდიში მოიხადა იესო ქრისტეზე ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ხუმრობის გამო და საზოგადოებას შეატყობინა გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ.

“არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით”, – აღნიშნა საგანგებო ბრიფინგზე გვარამიამ, რომლის თქმითაც, გიორგი გაბუნიას საყვედური გამოუცხადეს მას შემდეგ, რაც ამ თემაზე იმსჯელა ტელეკომპანიის ეთიკის კომისიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button