მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თავდაცვის ძალებმა 24 ირანული “შაჰიდის” დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 55 რაკეტიდან 47 ჩამოაგდო, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
მისივე თქმით, 20 რაკეტა დედაქალაქ კიევის მიდამოებში ჩამოაგდეს.
„რუსების მიზანი უცვლელი რჩება: ფსიქოლოგიური ზეწოლა უკრაინელებზე და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება, მაგრამ ჩვენი გატეხა შეუძლებელია!” – წერს ზალუჟნი „ტელეგრამზე“.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ და დღეს დილით უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში განახორციელეს. თავდასხმის შედეგად კიევში მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი – დაიჭრა.

უკრაინის ოლქებზე რუსეთის წუხანდელი შეტევა ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით Shahed-136/131 განხორციელდა. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობა. მისი ინფორმაციით, ე.წ. კამიკაძე-დრონები გამოშვებული იყო აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წინასწარი მონაცემებით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 24 უპილოტო საფრენი აპარატი და ყველა მათგანი საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებით გაანადგურეს საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, ავიაციამ და მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა. სარდლობის ცნობითვე, დრონების უმრავლესობა განადგურებულია უკრაინის ცენტრალურ ნაწილში.
“წინასწარი მონაცემებით, მტერმა გამოიყენა 24 „შაჰიდი“. 24-ვე გაანადგურეს საზენიტო სარაკეტო დანაყოფებმა, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა, საჰაერო ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებმა უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებთან თანამშრომლობით”, – აცხადებს უწყება.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო, წუხელ საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული დნეპროპეტროვსკის, კიევის, ჩერკასკის, ნიკოლაევის და ხარკოვის ოლქებში.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ჩამოადგეს 15-მდე უპილოტო საფრენი აპარატი. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის და არც ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანებულა.
დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელის, მიკოლა ლუკაშუკის ცნობით, დარტყმა განხორციელდა ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე. მსხვერპლი არ არის.

ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით 15-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა ისროლეს, ყველა მათგანი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით გაანეიტრალეს, ამის შესახებ კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმლძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ საჰაერო დარტყმების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს და მოუწოდა მოსახლეობას, თავშესაფრები არ დატოვონ.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში უკრაინის რამდენიმე ოლქზე. დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს ცნობით, წუხანდელი შეტევისას ერთ-ერთი დრონი მოხვდა სამრეწველო ობიექტს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
თავდასხმის მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა კიევის, ჩერკასკის, ნიკოლაევის და ხარკოვის ოლქებშიც. ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის და ქალაქის მერის, ოლექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, ნიკოლაევის თავზე დაფიქსირებული იყო უპილოტო საფრენი აპარატების სამი ჯგუფი და სამი რუსული ბომბდამშენი ტუ-22. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button