თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 60-ზე მეტი შეტევა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 29 საავიაციო და 3 სარაკეტო დარტყმა და 51 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 60-ზე მეტი შეტევა.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი, ავდეევკა და მარინკა. გენშტაბის თანახმად, მოწინააღმდეგე განაგრძობს შტურმს ბახმუტზე სრული კონტროლის დასამყარებლად.გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში უკრაინის ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მართვის 2 პუნქტი, საბრძოლო მასალების 3 საწყობი და საჰაერო თავდაცვის სისტემების 3 პოზიცია. გენშტაბის ცნობითვე, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი კა-52 და 2 უპილოტო საფრენი აპარატი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 5 აპრილამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 176 630
ტანკი – 3 631
ჯავშანტექნიკა – 7 013
საარტილერიო სისტემა – 2 714
სარაკეტო სისტემა – 532
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 281
თვითმფრინავები – 306
ვერტმფრენი – 292
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 287
საკრუიზო რაკეტები – 911
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5574
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 302.