მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა რუსეთი უკრაინის გენოციდში დაადანაშაულა

ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა განცხადებები მიიღეს, რომლებითაც აღიარებენ, რომ რუსეთმა უკრაინის გენოციდი განახორციელა. ინფორმაცია ამის თაობაზე ესტონეთის პარლამენტისა და ლატვიის სეიმის საიტზეა გამოქვეყნებული.

ესტონეთის პარლამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ქალაქებში ბუჩაში, ბოროდიანკაში, გოსტომელში, ირპენსა და მარიუპოლში და „უკრაინის სხვა მრავალ დასახლებულ პუნქტში“ ჩაიდინა გენოციდის აქტები და მასობრივი სიმხეცე მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ.

ლატვიის სეიმის განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობს უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი მასობრივი სასტიკი დანაშაულების „მნიშვნელოვანი“ მტკიცებულები.

“ლატვია გმობს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს და გენოციდს და იაზრებს თავის მოვალეობას აღიაროს, აღკვეთოს დანაშაულები მათი განმეორების თავიდან აცილების მიზნით“.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა.

12 აპრილს უკრაინაში რუსეთის არმიის მოქმედებებს გენოციდი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უწოდა.

ბაიდენის განცხადების კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ „ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით სიტუაციის ასეთი დამახინჯების მიუღებელ მცდელობებს“.

მანამდე, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო იზიარებს ჯო ბაიდენის შეფასებას უკრაინაში გენოციდის შესახებ.

მსოფლიოს სხვა ლიდერებიც, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ასევე იყენებენ „გენოციდს“ უკრაინაში რუსეთის მოქმედებების აღსაწერად.

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა გენოციდი ეწოდებინა უკრაინაში რუსეთის მოქმედებებისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის მიიწვია, რათა თავის თვალით ნახოს რუსი სამხედროების სისასტიკე და დარწმუნდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ომი, არამედ უკრაინელი ხალხის გენოციდი

ამასთან მარიუპოლის დამცველებმა ქალაქში აღმოაჩინეს მტრის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის რუსული ტანკები სიმბოლო – „V“-ს წარწერით.

აზოვის ბატალიონი ამის შესახებ ინფორმაციას Telegram – ის არხში ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ოკუპანტები, რომლებმაც ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინეს, ახლა მარიუპოლში გადაიყვანეს: ისინი ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ და აწამებდნენ მშვიდობიანი მოსახლეობას.

მარიუპოლის დამცველები ამბობენ, რომ სწორედ ახლა “პუტინის ურდო აგრძელებს გამანადგურებელ თვითნებობას დანგრეულ ქალაქში”, სადაც ჯერ კიდევ 100 000-მდე ადამიანია.

“საეჭვოა, აკონტროლებს თუ არა რუსეთი მარიუპოლს” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მარიუპოლი მთლიანად დაეცა” – თქვა მან და მოუწოდა პურინს, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას, რათა აზოვსტალში ჩარჩენილ ადამიანებს გასვლის შესაძლებლობა მიეცეთ. “ეს არის ის, რასაც ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაური ნებისმიერ ვითარებაში გააკეთებს” – თქვა მან.

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას, პირდაპირი ეკონომიკური დახმარების სახით, დამატებით 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 აპრილს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა და ჩვენ მზად ვართ, დამატებით 500 მილიონი დოლარი მივაწოდოთ უკრაინის მთავრობას პირდაპირი ეკონომიკური დახმარების სახით “, – აღნიშნა ბაიდენმა და დასძინა, რომ ამრიგად, შეერთებული შტატების მთლიანი ეკონომიკური მხარდაჭერა უკრაინაში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, შეადგენს ერთ მილიარდ დოლარს.

მისივე თქმით, უკრაინას ამ ფულის გამოყენება ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის შეეძლება. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესებისა და უკრაინის მორიგი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვერცერთი გემი, რომელიც რუსეთის დროშებით დაცურავს ან აფილირებულია რუსეთთან, ვეღარ შევა აშშ-ის პორტებში. ამას გარდა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინისათვის ახალი, 800 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი მძიმე ტექნიკითა და შეიარაღებით.

შეგახსენებთ რომ 24 თებერვლის შემდეგ რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს – ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ საავადმყოფოებს, სამშობიაროებს, საბავშვო ბაღებს და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ კორპუსებს. დაღუპულია რამდენიმე ათასი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button