თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [Photo]

11-12 ივნისს ლოს-ანჯელესში გამართულ მსოფლიო თასზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მესამე ადგილისათვის გათვალისწინებული ფულადი პრემია 20 000 დოლარი მიიღო.

მინდორაშვილის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სამი შეხვედრა გამართა. რუსეთთან პირველ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა 4:4 იჭიდავა, თუმცა ქულების დამატებითი მაჩვენებლით, 14:16 დამარცხდა.

თავდაპირველად, საქართველოს ნაკრები 3:1 დაწინაურდა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57) ხაჯიმურად რაშიდოვს 3:2 სძლია, ბექა ლომთაძემ (61) იმამ აჯიევს 4:1 მოუგო, დავით ტლაშაძემ (70) რადიკ ვალიევი 13:4 დაამარცხა, ხოლო ზურაბ იაკობიშვილმა (65) მაგომედ კურბანალიევთან ორთაბრძოლა 0:6 დათმო.

შემდეგ ხეთიკ ცაბოლოვმა (74) ჯუმბერ ყველაშვილი 10:0 დაამარცხა, დავით მარსაგიშვილმა (86) შამილ კუდიამაგომედოვთან 3:9 წააგო, ელიზბარ ოდიკაძემ (97) დაძაბულ შეხვედრაში 9:10 დათმო აბდუსალამ გადისოვთან, გენო პეტრიაშვილმა (125) კი იოლად – 4:0 დაამარცხა მურადინ კუშხოვი.

მეორე შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმმა თურქეთი იოლად 7:1 დაამარცხა, მეორე დღეს კი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში მონღოლეთთან ფრე 4:4 იჭიდავა და ქულების დამატებითი მაჩვენებლით 18:14 გაიმარჯვა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ქართველი მოჭიდავეები მასპინძელ აშშ-ს ნაკრებს გაეჯიბრნენ და ორთაბრძოლა 4:4 დაასრულეს. რუსეთისა და მონღოლეთის ნაკრებებთან შეხვედრის მსგავსად, ამერიკელებთანაც ანგარიში მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა გაათანაბრა, გადამწყვეტი კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დანიელ კენგოტთან 2:32 წუთში მოპოვებული წმინდა გამარჯვება აღმოჩნდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ქულების დამატებითი მაჩვენებლით აშშ-ს 16:15 სძლია.

ამერიკელებთან შეხვედრაში ბექა ლომთაძემ (61) ანტონი რამოსი 8:5 დაამარცხა და 2:0 დავწინაურდით, თუმცა მომდევნო სამი შეხვედრა დავთმეთ. ზურაბ იაკობიშვილი (65) ფრანკ მოლინაროსთან 4:4-ზე დამარცხდა, დავით ტლაშაძემ (70) ჯეიმს გრინდათან 0:10 წააგო, ხოლო იაკობ მაქარაშვილი (74) ალექსანდერ დიერინგერს ვერ გაუმკლავდა – 1:10.

დავით მარსაგიშვილმა (86) დენ კოქსის ძლევით (7:4) საერთო ანგარიში გაათანაბრა, ელიზბარ ოდიკაძემ (97) კი დაძაბულ შეხვედრაში 3:3-ზე დათმო შეხვედრა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ კაილ სნაიდერთან და ამერიკელები 4:3 დაწინაურდნენ. საბედნიეროდ, გენო პეტრიაშვილმა (125) არც ამჯერად უმტყუნა საქართველოს ნაკრებს და დამაჯერებლად დაამარცხა ვილიან რეი – 6:2. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე მესამე ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს თასის გამარჯვებული ზედიზედ მეხუთედ ირანის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში რუსეთი 5:3 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელები რევაზ მინდორაშვილი და არჩილ ქიტიაშვილი იყვნენ, მსაჯი – მალხაზ ჯორბენაძე, ექიმი – თეიმურაზ მგელაძე, ხოლო გუნდის ხელმძღვანელი – მანუჩარ კვირკველია.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”36593″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button