მნიშვნელოვანისიახლეები

თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ სპეცრაზმი დაიძრა-საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის მანქანებთან ერთად რუსთაველის გამზირი დაიკავა

თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ სპეცრაზმი დაიძრა,2 დეკემბერს, პრო-ევროპული საპროტესტო დემონსტრაციების მე-5 დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21:45 საათზე, – წინა დღეებთან შედარებით, უფრო ადრე – დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა, სპეცრაზმი ხუთიოდე წუთით ადრე დაიძრა თავისუფლების მოედნიდან.

სპეციალური დანიშნულების რაზმის უკან განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანა. მოქალაქეებს წინასწარ აფრთხილებდნენ, რომ გამოყენებული იქნებოდა წყლის ჭავლი.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებს, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს ჭიჭინაძისა და ჭიტაძის ქუჩებზეც.

თავის მხრივ, მოქალაქეებმა დატეხეს ქვის ფილები, რომელსაც სპეცრაზმის მიმართულებით ისვრიან. ასევე ისვრიან პიროტექნიკასა და ბოთლებს.

პარალელურად, 9 აპრილის ქუჩაზე მდგარი პოლიციელებიც დაიძრნენ რუსთაველის გამზირისკენ და დაიწყეს ძალის გამოყენებით დემონსტრანტების დაკავება.

არაერთი ადამიანი დააკავეს.

პოლიციელები ამოვიდნენ ქვედა ქუჩიდანაც.

„არ დავიშლებით“, – ყვირიან დემონსტრანტები.

რუსთაველის გამზირზე კვლავ ათასობით ადამიანია შეკრებილი.

პარლამენტის წინა ტერიტორია 21:50 საათისთვის უკვე დაიკავეს სპეცრაზმელებმა; ისინი განლაგებულები არიან ქაშვეთის ეკლესიის ჩასასვლელთანაც.

მათ ქაშვეთის ეკლესიის ეზოში მოაქციეს დემონსტრანტთა გარკვეული ჯგუფი.

პოლიციის კორდონი 21:55 საათისთვის ჩადგა ცისფერი გალერიის წინ.
მცირე ხნით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ გააფრთხილა საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომ „კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს“ გაატარებდა, თუკი ისინი არ შეწყვეტენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს.

ამასთან, რამდენიმე წუთის წინ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაათავისუფლოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია“.

მიუხედავად მოწოდებისა აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე რჩებიან. დემონსტრანტების ნაწილი, სამართალდამცველების მიმართულებით გარკვეულ ნივთებსა და პიროტექნიკას ისვრის.

აქციის დაშლის დაწყებამდე, საკანონმდებლო ორგანოსთან სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა.
ამასთან, დაშლამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნული იყო, რომ შსს აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაეთავისუფლებინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

თბილისში საპროტესტო აქცია უკვე მე-5 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button