მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თავშესაფარში მოხუცები ხარჯების ნაწილს პენსიიდან ფარავენ

მოხუცთა თავშესაფარში მყოფი ბენეფიციარების ნაწილს, სახელმწიფო სრულად არ აფინანსებს. თავშესაფარში მყოფი ზოგიერთი პირი, თანხას ყოველდღიური რჩენისათვის, საკუთარი პენსიიდან ფარავს.

სიღნაღის ერთ- ერთი თავშესაფრის დამფუძნებელი, გია აბრამიშვილი რადიო ჰერეთთან საუბარში ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ ერთ ბენეფიციარზე გაწეული ხარჯი ძალიან მცირეა.

” მოხუცებს უამრავი საჭიროება აქვთ. მედიკამენტებიდან დაწყებული, საკვებით დამთავრებული, მათ ბევრად მეტი უზრუნველყოფა სჭირდებათ. სახელმწიფო ერთ მოხუცს აფინანსებს 22 ლარით. ეს თანხა, რეალურ მოთხოვნასთან შედარებით, ძალიან ცოტაა. სახელმწიფო პროგრამის თანახმად, ზოგიერთს სრულადაც არ აფინანსებს და ასეთებს თანხის ნაწილის გადახდა საკუთარი პენსიიდან უწევთ”- განაცხადა აბრამიშვილმა.

კახეთის რეგიონის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი, დალი მოსიაშვილი ადასტურებს, რომ ბენეფიციარების ნაწილი თანხას საკუთარი პენსიიდან იხდის.

” სახელმწიფო პროგრამაა ასეთი, თითოეულ სოციალურად დაუცველ მოხუცს უხდის 22 ლარს. იმ ბენეფიციარს, რომელსაც 65 ათასიდან 100 ათასამდე ქულა უფიქსირდება, უწევს საკუთარი პენსიიდან, დღეში 4. 40 ლარი გადაიხადოს, ანუ თანადაფინანსებით ისარგებლოს. ამაში არ შედიან ისინი, ვინც სოციალური სამსახურის გვერდის ავლით ხვდება ასეთ სახლებში და კერძო მომსახურებით სარგებლობს” – განაცხადა მოსიაშვილმა.

სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, თანადაფინასებით მოსარგებლე ბენეფიციარები, ყოველთვიური საპენსიო სარგოდან, რომელიც 280 ლარს შეადგენს, 132 ლარს თავშესაფარში ყოფნისათვის იხდიან.
კახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში, მოხუცთა რვა თავშესაფარია.

დღევანდელი მდგომარეობით, თავშესაფრებში 137 ბენეფიციარი იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button