“თბილისი 2015”-ის ცეცხლი მესტიას ეწვევა
ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობა, მთელი საქართველოს მასშტაბით, გრძელდება.
საბერძნეთიდან ოლიმპიური ცეცხლი პირველად ბათუმში, 26 მაისს შემოვიდა, 28 მაისიდან კი მან სხვადასხვა ქალაქში დაიწყო მოგზაურობა.
ოლიმპიური ცეცხლმა უკვე მთელი საქართველო მოიარა: ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, ადიგენი, ახალციხე, ასპინძა, ნინოწმინდა, წალკა, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, რუსთავი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ყაზბეგი, ფასანაური, თიანეთი, დუშეთი, მცხეთა, კასპი, გორი, ბორჯომი, ხაშური, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, ხარაგაული, თერჯოლა, ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, წყალტუბო, ქუთაისი, ბაღდათი, ვანი, ხონი, სამტრედია, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი, ხობი, სენაკი, აბაშა, მარტვილი, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, წალნეჯიხა, ქარელი, ანაკლია.
7 ივლისს ოლიმპიური ცეცხლის კოლონა მესტიისკენ დაიძრება, სადაც მას ზემოსვანეთის მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება.
ესტაფეტაში ჩაერთვებიან სახელოვანი სვანები, მათ შორის არიან: პოეტი ერეკლე საღლიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ხოლო ქალაქის ცენტრში ოლიმპიურ ცეცხლს, 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მფლობელი ძიუდოში, ნესტორ ხერგიანი შემოიტანს.
მესტიის ცენტრალურ მოედანზე ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
მესტიაში ოლიმპიური ცეცხლი რამდენიმე დღე დარჩება, შემდეგ კი ვერტმფრენით შავიზღვისპირეთს, კერძოდ კი ქობულეთს ეწვევა.
მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება საქართველოში, ქალაქ თბილისში, 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე.
ფესტივალის განმავლობაში ქ.თბილისს ესტუმრება 50 ქვეყნის 3800-მდე მონაწილე.