ოკუპანტებისგან კუნძული ,,ზეინი,, თავისუფალია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გამოაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის კუნძულ ზმეინიზე „დაასრულეს დასახული ამოცანების შესრულება“ და იქ მყოფმა გარნიზონმა კუნძული დატოვა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა ამას უწოდა შავ ზღვაში მდებარე კუნძულ „ზმეინიდან“ ძალების გაყვანა “კეთილი ნების ჟესტი“ იყო, რომლითაც „მსოფლიო თანამეგობრობას აჩვენეს, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს არ უშლის გაეროს ძალისხმევას, უკრაინის ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასატანად ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებისთვის“.
„ასეთი ნაბიჯი ხელს შეუშლის კიევის სპეკულირებას მოსალოდნელ სასურსათო კრიზისზე რუსეთის მიერ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის სრული კონტროლის გამო მარცვლეულის ექსპორტის შეუძლებლობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახლა, მიწოდების აღდგენის მიზნით, უკრაინულმა მხარემ უნდა გაწმინდოს შავი ზღვის სანაპირო, პორტის წყლის ტერიტორიების ჩათვლით.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა დაადასტურა, რომ კუნძული ოკუპანტებისგან გათავისუფლდა.
“ზმეინიზე რუსები აღარ არიან. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესანიშნავი ოპერაცია ჩაატარეს. ყველაფერი იქნება, უკრაინა”, – ამბობს ერმაკი.
ბოლო ათი დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზმეინიზე იერიში მიიტანეს რუსი სამხედროების პოზიციებზე, მათ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებსა და სხვა ტექნიკაზე. 22 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა თქვა, რომ შეიარაღებული ძალების ოპერაცია გაგრძელდებოდა ზმეინის გათავისუფლებამდე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ დღეს, 30 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის განმავლობაში ჩატარდა ოპერაციის კიდევ ერთი წარმატებული ეტაპი, რომლის შედეგად, მოწინააღმდეგემ ორი კატერით, სასწრაფოდ განახორციელა კუნძულზე მყოფი “გარნიზონის ნარჩენების” ევაკუაცია. სარდლობის ცნობითვე, ზმეინი მოცულია ხანძრით და აფეთქებების ხმა ისმის.
რუსეთის სამხედრო ძალებმა შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი, რომელიც ოდესის ოლქში შედის, უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს დაიკავეს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კუნძული ზმეინი რუსეთის ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო. სწორედ ამ კუნძულის მცველებს მოსთხოვა რუსულმა ხომალდმა დანებება და მიიღო პასუხი, რომელიც მთელი ომის მანძილზე, უკრაინის წინააღმდეგობის მთავარი სიმბოლო გახდა.