„თბილისი პრაიდის“ მოვლენებთან დაკავშირებით პატიმრობა კიდევ 2 პირს შეეფარდა
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სხვა მოქალაქის დევნისა და “ტვ პირველის“ ოპერატორისთვის, ლევან ბრეგვაძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ვანო ბურდულსა და დავით ქოჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ მიიღო.
პროკურატურა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ითხოვდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების 7000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
ვანო ბურდულისა და დავით ქოჩიაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე 24 პირს წარედგინა ბრალი.