ანალიტიკამნიშვნელოვანი

“თბილისი პრაიდზე” თავდამსხმელები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

ძალადობრივი ჯგუფების თარეშსს, წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლითაც გარკვეუწილად წაახალისა ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრაში ბრალდებულები, გიორგი ოძელაშვილი, ალიკა ალაზოვი და გიორგი ელისბარაშვილი, 5 000-5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დღეს, 22 დეკემბერს მიიღო.

აღნიშნული პირები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნისა და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ბრალდებით 8 ივლისს დააკავეს.

სასამართლომ მათ პატიმრობა 10 ივლისს შეუფარდა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებას ითხოვდნენ პირველივე სასამართლო სხდომაზე.

არსებული ინფორმაციით, “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულთაგან ერთი, გიორგი ელისბარაშვილი, გურჯაანიდან იყო ჩამოსული 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივ აქციაში მონაწილეობისთვის. ის საშუალო განათლების მქონე უმუშევარია.

მეორე, ალიკა ალაზოვი, ასევე უმუშევარია, არასრული საშუალო განათლებით. მას ძალადობის ფაქტი წარსულშიც აქვს ჩადენილი.

მესამე ბრალდებული, გიორგი ოძელაშვილი მერიას დაქვემდებარებული უწყების, “თბილსერვისის” თანამშრომელია.

5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფები, რომლებიც  დილიდან თბილისის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ, “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ. მათ ლგბტ დროშები ჩამოხსნეს.

“თბილისი პრაიდი” წელს, 5 ივლისს, კიდევ ერთხელ ცდილობდა საქართველოში “ღირსების მარშის” გამართვას.

ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებდა, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. აქციის ძალადობრივი მონაწილეები თავს დაესხნენ ჟურნალისტებსაც და მუშაობაში ხელი შეუშალეს.

ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს სასტიკად სცემეს, 11 ივლისს გარდაიცვალა.

ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები განსაკუთრებული სისასტიკით 5 ივლისს, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან გაუსწორდნენ. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.

ამ დრომდე, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის ფაქტებზე არ დასჯილან 5 ივლისის აქციის ორგანიზატორები.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 6 სექტემბრის განცხადებით, მან ტელევიზია „ალტ ინფოს“ წამყვან ზურაბ მახარაძისა და მღვდელმსახურ სპირიდონ ცქიფურიშვილის წინააღმდეგ 5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

ომბუდსმენის თქმით, 5 ივლისის მოვლენებიდან ორი თვის შემდეგაც კი, ძალოვან უწყებებს არავისთვის წარუდგენიათ ბრალი ძალადობის ორგანიზებისათვის. თუმცა, ლომჯარიას განცხადებით, საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები საკმარისია, რათა მახარაძისა და ცქიფურიშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდების ფაქტებზე.

5 ივლისის მოვლენების შედეგად თბილისში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაზარალდა, ხოლო დაგეგმილი ღირსების მარში „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო გააუქმეს. ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობის გამო პროკურატურამ ბრალი დღემდე ჯამში 27 პირს წარუდგინა.

პოლიციელებმა ლევან ვასაძესთან დაკავშირებული ტელევიზია „ალტ ინფოს“ წამყვანები 16 ივლისს გამოკითხეს და მათი სახლებიც გაჩხრიკეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ცნობები აღარ გაუვრცელებია.

შსს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ სახალხო დამცველის საპასუხოდ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა „მხოლოდ“ პროკურორების უფლებამოსილებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი საკითხის შეფასებისას მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას ეყრდნობოდა და მას 5 ივლისის მოვლენების გამოძიების მასალებზე წვდომა არ ჰქონია.

დარახველიძის განცხადებით, პროკურორი განსჯის, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალის წარსადგენად.

თბილისში, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თარეშსს, წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის ირაკლი რარიბაშვილის განცხადება, რომლითაც გარკვეუწლიად წაახალისა ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები.

პრემიერმა  მიზანშეუწონლად მიაჩნია „ღირსების მარშის“ გამართვა. მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს მოიცავს, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მარში მიუღებელია და შესაბამისად, იგი მიიჩნევდა, რომ აქცია რუსთაველის გამზირზე არ უნდა ჩატარებულიყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button