თბილისი სპორტულ ნარდში მსოფლიო თასის გათამაშებას უმასპინძლებს

2016 წელს საქართველო სპორტული ნარდის მსოფლიო თასის გათამაშებას პირველად უმასპინძლებს.

მსოფლიო თასი თბილისში 27 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით გაიმართება, სადაც მამაკაცთა და ქალთა შორის მონაწილეობას მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის 200-მდე მონაწილე მიიღებს. თბილისის მსოფლიო თასის გათამაშება “ქორთიარდ მერიოტში” ჩატარდება, ტურნირის საპრიზო თანხა 125 000 დოლარია.

ტურნირის ორგანიზატორები საქართველოს ნარდის კლუბი, “ევროპაბეთი”, საქართველოს ნარდის ფედერაცია და მსოფლიო ნარდის ფედერაცია არიან. მსოფლიო თასის მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

თბილისის მსოფლიო თასის ორგანიზებასთან დაკავშირებით, 13 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის კითხვებს ტურნირის ორგანიზატორმა, პარლამენტის წევრმა, ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა – გოდერძი ბუკიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ – შალვა გოგოლაძემ და ევროპაბეთის წარმომადგენელმა ლაშა ხარაზიშვილმა უპასუხეს.

ჩემპიონატი ორ კატეგორიაში ჩატარდება. მსოფლიო თასისთვის ოცამდე ქვეყნის გუნდები იასპარეზებენ. გარანტირებული საპრიზო თანხა 125 000$ შეადგენს, ასევე ორგანიზატორების მიერ დაწესებულია თასები, მედლები და სხვადასხვა სახის პრიზები.

გუნდებს შორის ტურნირის სისტემურ გამართულობას საქართველოს ნარდის ფედერაცია უზრუნველყოფს. ტურნირი საერთაშორისო სტანდარტებისა და წესების დაცვით წარიმართება. საქართველოსთან ერთად მსოფლიო თასზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, გერმანიისა და სომხეთის გუნდებმა.

მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ყველა მონაწილე ქვეყანას ორი გუნდით წარდგომის საშუალება მიეცეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button