მნიშვნელოვანისიახლეები

“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” პროკურატურას მოუწოდებს, შეწყდეს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც 5 ფონდს ყადაღა დაედო

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ პროკურატურას, სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ყადაღა დაედო რამდენიმე ორგანიზაციისა, თუ ფონდის, მათ შორის „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშებს. ამავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაციები სარჩელით მიმართავენ სააპელაციო სასამართლოს, რითაც დაყადაღებული ანგარიშების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ და მისი წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ყადაღა ანგარიშებს უკანონოდ დაედო, რომლის ხანგრძლივობაც 12 თვეს მოიცავს. მათივე განმარტებით, ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის განჩინების გასაუქმებლად 72 საათი აქვს. ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, როგორც პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება, ისე ყადაღის დადების შესახებ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელი და უკანონოა. მათი განმარტებით, ორგანიზაციები შემოწირულებიდან ფინანსურ დახმარებას უწევდნენ და ჯარიმებს იხდიდნენ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დააჯარიმეს. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მათ დახმარებისთვის მიმართავდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ჯარიმების გადასახდელად საკუთარი ფინანსური სახსრები არ გააჩნდათ. ორგანიზაციების თქმით, თითოეული ჯარიმის გადახდის ტრანზაქცია იყო გამჭვირვალე.

„ეს არის „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმის კიდევ ერთი მიზანმიმართული შეტევა უფლებადაცვით ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებზე, რაც აშკარად წარმოადგენს ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვის მცდელობას. უფლებადაცვითი ორგანიზაციის მხრიდან ჯარიმების გადახდას ჩვენ მივიჩნევთ სოლიდარობის გამოხატულებად. თანადგომა და ადამიანების სიღარიბისგან დაცვა არის ქართული კულტურის და ტრადიციის განუყოფელი ნაწილი.

მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გასაწევად და მათი ჯარიმების გადასახდელად თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა შემოწირულებების შეგროვება „რუსული კანონის“ ინიცირების შემდეგ დაიწყო.

ჯარიმის დასაფარად პირი თავად ავსებს შესაბამის განაცხადს, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ვებგვერდზე. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ბენეფიციართან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე იხდის ადმინისტრაციულ ჯარიმას მხოლოდ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განჩინების არსებობის შემთხვევაში. თანხა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საბანკო ანგარიშიდან პირდაპირ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ყველა სამართლებრივი მოთხოვნის დაცვით, მათ შორის, თითოეული ბენეფიციარის სახელზე ხდება საშემოსავლო გადასახადის გადახდა, სახელმწიფოს აქვს სრული წვდომა ორგანიზაციის ყველა ტრანზაქციასა და მიზნობრიობაზე.

საქართველოს კანონმდებლობით სხვა პირისთვის ჯარიმის გადახდა აკრძალული არ არის. შესაბამისად, უფლებადაცვითი ორგანიზაციის მხრიდან ეს ქმედება ბენეფიციარის მიმართ სოლიდარობის გამოხატულება და მისი უფლებების დაცვის საშუალებაა. ადამიანის უფლებათა სახლს ამჟამად დაფარული აქვს 843, 747 ათასი ლარის ოდენობის 365 ადმინისტრაციული ჯარიმა. 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე მივიღეთ 921,336.99 ლარის შემოწირულება ასეულობით ფიზიკური პირისგან. მათ შორის ბოლო ორი თვის განმავლობაში მივიღეთ „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკების“ შემოწირულება – სულ 300, 000 ლარი. ამჟამად, განაცხადი ჯარიმების დაფარვის შესახებ გაკეთებული აქვს ასამდე პირს, რომლებსაც ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ემუქრებათ ქონების დაყადაღება.

ორგანიზაციის ანგარიშები, რომელიც საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღდა, აერთიანებდა როგორც დაჯარიმებული პირებისთვის შემოწირულებებით შეგროვებულ თანხებს, ასევე ორგანიზაციის დაგეგმილი სხვა უფლებადაცვითი საქმიანობისთვის საერთაშორისო დონორების მიერ ჩარიცხულ გრანტებს. შესაბამისად, ორგანიზაციის სერვისებს ვეღარ მიიღებენ ჩვენი სხვა ბენეფიციარებიც.

მოვუწოდებთ პროკურატურას, სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება და მოხსნას ყადაღა ორგანიზაციის ანგარიშებიდან, რათა შევძლოთ უფლებადაცვითი საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება. მოვუწოდებთ, სააპელაციო სასამართლოს, განიხილოს და გააუქმოს საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება“, – აცხადებენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა“ და მასში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი ორგანიზაციები არიან:

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „მედიის ინსტიტუტი“; „საფარი“; „უფლებები საქართველო“; „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT).

“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” პროკურატურას მოუწოდებს, შეწყდეს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც 5 ფონდს ყადაღა დაედო. “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” 5 ორგანიზაციიდან ერთ-ერთია, რომლის ანგარიშები პროკურატურამ დააყადაღა.
ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოს განჩინებას დღეს გაასაჩივრებს, ისინი ამტკიცებენ, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალე იყო, აქციის მონაწილეებს მხოლოდ ჯარიმებს უხდიდნენ და სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ.
“თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” თავმჯდომარის, ლელა ცისკარიშვილის თქმით, ორგანიზაციას 365 ადმინისტრაციული ჯარიმა აქვს დაფარული.
“დღეისთვის, ადამიანის უფლებათა სახლს დაფარული აქვს 843,747 ლარის ოდენობის 365 ადმინისტრაციული ჯარიმა. 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე ჩვენ მივიღეთ 921,336 ლარის შემოწირულობა ასეულობით ფიზიკური პირისგან და ბოლო 2 თვის განმავლობაში მივიღეთ 300 ათასი ლარის შემოწირულობა TBC ბანკისგან და საქართველოს ბანკისგან. ყველაფერი, რასაც ვახორციელებთ, არის “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” წესდების ფარგლებში და არ არის არაფერი გადაცდომილი წესდებიდან. მოვუწოდებთ პროკურატურას, რომ სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება და მოხსნას ყადაღა ორგანიზაციების ანგარიშებიდან. სააპელაციო სასამართლოს მოვუწოდებთ განიხილოს და გააუქმოს საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება,” – აცხადებს ლელა ცისკარიშვილი.
განცხადება გააკეთა იურისტმა, ვასილ ჟიჟიაშვილმა.
“ყადაღა შეიძლება დაედოს ბრალდებულის ქონებას ან მასთან დაკავშირებული პირების ქონებას და ამ შემთხვევაში არც ერთი ეს ორგანიზაცია, ფონდი, მათ შორის, “ადამიანის უფლებათა სახლი”, არ არის ბრალდებულის სტატუსით წარმოდგენილი ამ საქმეში. მეორე შემთხვევა, როცა შეიძლება დაედოს ყადაღა ქონებას ან საბანკო ანგარიშებს, ეს არის როდესაც ამ ქონების მიმართ არის ჩადენილი დანაშაული და არც ეს არ არის დასაბუთებული. მესამე, უნდა დაასაბუთოს პროკურატურამ, რომ ეს ქონება არის მოპოვებული უკანონოდ, ან ამ საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები არის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული. არც ეს არ დასტურდება,” – აცხადებს ვასილ ჟიჟიაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button