თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში

სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში ტერაქტის დროს დაღუპულთა სამძიმრის ნიშნად, თბილისის ანძა წუხელ თურქეთის დროშის ფერებში განათდა.
ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე აღწევს. ტერაქტის შედეგად დაშავებულია 239 ადამიანი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულთა შორის თურქეთის 23 მოქალაქე და 13 უცხოელია. მსხვერპლთა შორის არიან საუდის არაბეთის ხუთი და ერაყის ორი მოქალაქე, ასევე დაიღუპნენ უკრაინის, ირანის, ჩინეთის, იორდანიის, ტუნისის და უზბეკეთის მოქალაქეები.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ირანელი. ათათურქის აეროპორტზე თავდასხმის შემდეგ ირანმა სტამბოლთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.
ამასთან, დაშავებულთა შორის არის ყირგიზეთის ორი მოქალაქე.