თბილისის მერია “ნაციონალურ მოძრაობას” განცხადებით ეხმაურება

თბილისის მერიამ საგანგებო განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც რადიო თბილისი უცვლელად გთავაზობთ:

“თბილისის მერია, მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, მერიის ყოფილი თანამშრომლის, თამარ გერგედავასთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, საფრანგეთში სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებას ეხმაურება.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდი უფლებამოსილია გამოყოს ფულადი სახსრები, მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა სახის მომსახურების დაფინანსების მიზნით.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერი, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ განათლების დაფინანსების მიზნით, შინაარსიდან გამომდინარე, განცხადებებს განიხილავს მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, რომელიც საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შუამდგომლობს მერთან კონკრეტული მოქალაქისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე.

2015 წლიდან დღემდე ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან სწავლა 111 მოქალაქეს დაუფინანსდა. რაც შეეხება, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტებს, 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე, „სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, დაკმაყოფილდა  2 553 განცხადება.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში რაიმე სახის სამართლებრივი გადაცდომა არ ფიქსირდება, საკითხთან დაკავშირებით, უკვე ინფორმირებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, რის საფუძველზეც, დაწყებულია შიდაუწყებრივი მოკვლევა, კერძოდ, ჩნდება კითხვა, თუ რის საფუძველზე მიუთითა მერიის თანამშრომელმა ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

მოკვლევის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით. შესაბამისი დასაბუთების არ არსებობის შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებს ყველა ის პირი, ვინც, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გასცა არასწორი ინფორმაცია და რეკომენდაცია”. – აღნიშნულია მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

“ნაციონალური მოძრაობამ” დღეს  თბილისის მერის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტი გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, მერიის ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება. საუბარია თანხაზე, რომელიც ისანი-სამგორის რაიონის მთავარი პროკურორის შვილის საფრანგეთში სწავლისთვის გამოყო.

„ნარმანიამ გამოსცა ბრძანება და სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან გამოუყო 5000 ლარი,  საიდანაც სოციალურად დაუცველები, უსახლკაროები უნდა ფინანსდებოდეს. ეს არის ცინიზმი და ნარმანიამ უნდა ახსნას რაამ გაამწარამ რამ გააკეთებინა ეს სისულელე და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელი გერგედავა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს,” – განაცხადა ნიკა მელიამ, მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

დოკუმენტს საკრებულოს ოპოზიციაში გამოეხმაურნნენ, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიმღები აუცილებლად დასასჯელია.

„ეს არის უსინდისობა და დანაშაული, ეს არის აუცილებლად გამოსაკვლევი და დასასჯელია ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ნარმანიამ პასუხი უნდა აგოს, რატომ ფლანგავს ასე ფულს,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button