თბილისის მერიამ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მზადება დაიწყო

თბილისის მერმა, მთავრობის სხდომაზე, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, რაიონულ გამგეობებს, „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა“ და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შესაბამისი დავალებები მისცა.

დავით ნარმანიას განცხადებით, უხვი ნალექის მოსვლისთანავე, „თბილსერვის ჯგუფმა“ ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა, გაიწმინდა გზები და დაიყარა ტექნიკური მარილი. ასევე, კოჯორში მცხოვრები მოსახლეობა მყისიერად იქნა შეშით უზრუნველყოფილი.

„შპს „თბილსერვის ჯგუფს“ ვავალებ, მოამზადოს ტექნიკა და შესაბამისი საშუალებები ზამთრის სეზონზე გზების მოვლა-პატრონობასთან და შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით, რათა გადაადგილებისას მაქსიმალურად ავიცილოთ ნალექისგან გამოწვეული შეფერხებები. ასევე, ზამთრის სეზონის მოახლოებასა და შესაბამისად, ტემპერატურის კლებასთან დაკავშირებით, ვავალებ რაიონულ გამგეობებს, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სოციალურად დაუცველია და არ გააჩნია გათბობის შესაძლებლობა, უზრუნველყონ შეშით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

სხდომაზე „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ყველა სააღმზრდელო დაწესებულების შემოწმება დაევალა.
„საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ვავალებ, შეამოწმოს ყველა საბავშვო ბაღი და ბაღებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ სააღმზრდელო დაწესებულებები მოვიყვანეთ მწყობრში და ყველგან არის გათბობა უზრუნველყოფილი. თუმცა, გათბობის საშუალებების შემოწმება და კიდევ ერთხელ ზამთრის დადგომამდე შესაბამისი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია. ამიტომ ეს სამუშაოები უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button