თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ, ასევე, დაიკითხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ერთი მოწმე.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.
კახა დამენიას, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას გულისხმობს, 220-ე მუხლი, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა.
ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.
გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.
კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედებოდა, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. მას ასევე, აკრძალული ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.