მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტზე 62 000 ლარით მეტია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილეს.

2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი თქმით, პროექტის მიხედვით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 1 826 308,6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 62 953,9 ათასი ლარით მეტია.

თავის მხრივ, როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის გაზრდილი ბიუჯერი სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით გადანაწილდება.

„პირველადი ვერსია ბიუჯეტის არის გაზრდილი, 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულთან შედარებით, რაც ხელს შეუწყობს მომავალში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. ჩვენ ველოდებით გადამუშავებულ ვერსიას, რომელიც რეკომენდაციების შესაბამისად იქნება წარმოდგენილი 10 დეკემბრისთვის.

2025 წლის ბიუჯეტს 2 მილიარდი ლარის ფარგლებში დავამტკიცებთ, თუმცა წლის განმავლობაში კიდევ იქნება ბიუჯეტი რამდენჯერმე გაზრდილი, რაც კიდევ უფრო მეტი პროექტების განხორციელების საშუალებას მოგვცემს, პრიორიტეტების შესაბამისად.

ძირითადი რეკომენდაციები გახლავთ, რომ ზრდა მოხდეს ძირითადი გამგეობების ნაწილში და ყველა პრიორიტეტის შესაბამისად ბიუჯეტის ზრდა იყოს. რეკომენდაციების შესაბამისად გათვალისწინებულია კონკრეტული პროექტები და 10 დეკემბრამდე გვექნება შესაძლებლობა, მთავრობასთან ერთად კონსულტაციები ვაწარმოოთ და შევჯერდეთ საბოლოო კონკრეტულ განსახორციელებელ პროექტებზე“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, 2025 წლის ბიუჯეტი – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, სხვადასხვა სოციალურ პროექტზე, განათლებაზე, სპორტსა და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მიმართულებებზე გადანაწილდება.
როგორც საკრებულოს თავმჯდომაემ აღნიშნა, თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

„თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პირველადი ვერსიით, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 62-მილიონიანი ზრდა გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბოლოო ვერსიაში ბიუჯეტი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება. წარმოდგენილი პროექტის პირველადი ვერსია კომისიებში უკვე განვიხილეთ და გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც დედაქალაქის მთავრობას გადაეგზავნება. გვექნება კონსულტაციებიც და საბოლოოდ მივიღებთ ისეთ ბიუჯეტს, რომელიც ქალაქის საჭიროებებზე იქნება მორგებული. რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, მომავალი წლის მთავარ პრიორიტეტებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურული პროექტები, კეთილმოწყობის სამუშაოები, სოციალური მიმართულებები, გამწვანებული არეალების შექმნა და სხვა“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ამასთან, მან „ქართული ოცნების“ გუნდს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„მინდა, ჩვენს გუნდს მივულოცო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ქართველი ხალხის ნებითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი“, – აღნიშნა ტყემალაძემ და კოლეგებს, რომლებმაც არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლეს, მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„დარწმუნებული ვარ, ისინი პარლამენტშიც გააგრძელებენ ჩვენი ქალაქისა და ქალაქელების ინტერესების დაცვას“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button