მნიშვნელოვანისაქართველო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა მთავარ პროკურატურას მიმართა განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის შესაძლო, თანამდებობრივი გულგრილობის გამოსაძიებლად.

ხაბეიშვილის განმარტებით, საქმე ეხება ტყემალაძის უარს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაემართა მეტროსადგურ “ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის გამო.

”როცა საქმე ეხება საკრებულოს დეპუტატების ხელფასებს, პრემიებს, დანამატების გაზრდას, ბიძინა ივანიშვილს, რიგგარეშე სხდომას ნიშნავენ, ხოლო როცა საქმე ეხებოდა ”ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევას, რიგგარეშე სხდომა არ დანიშნეს“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე შეფასებით, ტყემალაძემ კანონი დაარღვია და თანამდებობრივი გულგრილობა გამოიჩინა, რაც 3-წლიანი პატიმრობით ისჯება.

მეტრო ვარკეთილში მომხდარ ინციდენტზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა ფრაქციამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ფრაქციამ “ევროპული საქართველო-თბილისი“ 31 იანვარს მოითხოვეს. მაშინ სხდომის მოწვევა საკრებულოს თავმჯდომარემ არ გამორიცხა.

30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი სამართალდამცველია. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button