მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსის ახალი შტამები JN.1 და HV.1 ქვეყანაში არ დაფიქსირებულა

კორონავირუსის ახალი შტამები (JN.1 და HV.1) ქვეყანაში არ დაფიქსირებულა- მათ წინამორბედებისგან სიმძიმის მიხედვით განსხვავება არ აქვს. შესაძლოა, ერთადერთი ცოტა უფრო მეტად ახასიათებდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომი, კერძოდ ფაღარათი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები, რომელიც მორგებული იქნება კორონავირუსის ახალ შტამებზე.

„ვიცით, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მხოლოდ 50% არის აცრილი. ისეთი არაკომპეტენტური ანტიპროპაგანდა წავიდა ვაქცინებზე, რომ რაც გვინდოდა სამიზნე მაჩვენებელი ვერ მივაღწიეთ. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები, რომელიც მორგებული იქნება კორონავირუსის ახალ შტამებზე.

დღეს, კორონავირუსის ძალიან ცოტა შემთხვევა გვაქვს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტალღოვანი მიმდინარეობა ახასიათებს. 3% არის დღეს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი.

რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შტამებს (JN.1 და HV.1) აღნიშნული შტამები ჯერ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. მის კლინიკურ მიმდინარეობას წინამორბედებისგან სიმძიმის მიხედვით არავითარი განსხვავება არ აქვს. შესაძლოა, ერთადერთი ცოტა უფრო მეტად ახასიათებდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომი, კერძოდ ფაღარათი. უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელების პოტენციალი მას მეტი აქვს. ზოგადად, პანიკის საფუძველი არასდროს არსებობს, ყველაფერს რაციონალური მიდგომა სჭირდება. როგორც შეგვიძლია ისე დავიცვათ თავი, ნიღაბი გავიკეთოთ, ხელების დაბანა ყოველთვის კარგია, იქნება ეს კორონავირუსი, თუ სხვა ინფექცია“, – აღნიშნა იმნაძემ.

“ვისურვებდი, უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს მოსახლეობასთან… საჭიროა შეხსენება, რა პრევენციული აქტივობები უნდა იყოს დაცული, როცა ვირუსები აქტიურდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ის ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მეტი გამჭირვალობისკენ მოუწოდებს.

გამყრელიძე ეხმაურება ფაქტს, რომ უწყება, ამ დრომდე, არ აქვეყნებს ოფიციალურ სტატისტიკას, არის თუ არა გავრცელებული Covid 19-ის ახალი შტამი საქართველოში. “ჯეი ენ 1” მსოფლიოში უკვე დეკემბრიდან ცირკულირებს, თუმცა უცნობია, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში.

“თავის დროზე ეს სტატისტიკა ყოველდღიურად იდებოდა… რატომ არ იდება, მართალი გითხრათ, ვერ გეტყვით. რა არის ამაში დასამალი, რამოდენიმე ინტერვიუში ვთქვი, რომ სასურველია, მოსახლეობას რაც შეიძლება უფრო მეტი ვესაუბროთ. ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობას უნდა მიეწოდებოდეს, ეს სტატისტიკა იქნება თუ რეკომენდაციები, ვისურვებდი, რომ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს მოსახლეობასთან. იმიტომ რომ ეს თვითონ ვთქვათ პრევენციული ღონისძიებების შეხსენება… ცოტა მოვეშვით ამ თვალსაზრისით. შეხსენება საჭიროა მოსახლეობისთვის მუდმივ რეჟიმში თუ რა ხდება ამ პერიოდში, როცა ეს ვირუსები აქტიურდება. თუ რა პრევენციული აქტივობები უნდა იქნეს დაცული – ხელების დაბანა, განიავება, თავშეყრის ადგილებში სასურველია, რომ პირბადეები ატაროს მოსახლეობამ…”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button