თბილისის საქალაქო სასამართლომ ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და გიორგი ბაჩიაშვილს 9 000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი და „თანავინსტერების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს დაევალა 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება.
მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ბაჩიაშვილი ბიტკოინებით გადახდაზე უარს იტყვის, მაშინ მან ბიძინა ივანიშვილს ამ რაოდენობის თანხა უნდა დაუბრუნოს უკან, რასაც ბიტკოინი გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში მოიაზრებს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა გამოაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა, სასამართლომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.
„საქმე იხილებოდა გამარტივებული წესით. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა და განისაზღვრა გასაჩივრების 7-დღიანი ვადა. დაკმაყოფილდა, ასევე, ჩვენი მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მიემართება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ჩვენ მივმართავთ კანონით განსაზღვრულ ვადებში აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ჩვენი მხრიდან ძირითადი მოთხოვნა იყო ბიტკოინების დაბრუნება, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ბატონმა გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის 9000-მდე ბიტკოინი მიითვისა. ეს იყო ძირითადი მოთხოვნა, რაც დაკმაყოფილდა. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება, არ აღმოაჩნდება ეს ბიტკოინები, ჩვენ ვიცით, რომ ის ახდენდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და სხვადასხვა ფორმას აძლევდა ამ მითვისებულ ბიტკოინებს, მაშინ იგი ვალდებული იქნება, დაზარალებულ მხარეს დაუბრუნოს ამ ბიტკოინების ღირებულება გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის არსებული რაოდენობით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, სოფო ქურდაულის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას გაასაჩივრებს.
„ამ საქმეზე ჩვენი მთავარი არგუმენტი იყო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ არის საბოლოო, არ არის შესული კანონიერ ძალაში, სასამართლოს არ ჰქონდა, უფლება ამ განაჩენის საფუძველზე განეხილა საქმე დაჩქარებული წესით, ვინაიდან აღნიშნული განაჩენის გასაჩივრების ვადა გიორგი ბაჩიაშვილს გასული არ აქვს. გიორგი ბაჩიაშვილის ქონებას ყადაღა შვიდი მარტიდან ადევს. დაყადაღებულია არა მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის კუთვნილი ქონება, არამედ სხვა პირების უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც საქმეში არც მხარის და არცერთი სტატუსით ჩართულები არ ყოფილან. დღეს სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაადგინა არა მხოლოდ ბაჩიაშვილის, არამედ სხვა პირების ქონების რეალიზაცია. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ“, – განაცხადა სოფო ქურდაულმა.
4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა და მიზეზად დაასახელა მიღებული ინფორმაცია მის უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხის შესახებ.
6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.
ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.
პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.
25 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა – სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. წარდგენილი ბრალდების თანახმად, პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გადახდა შეუფარდა.
2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.
ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.
გიორგი ბაჩიაშვილი საზღვარგარეთაა – ის 2 მარტს გაიქცა ქვეყნიდან. პროკურატურის ვერსიით, იგი ამისათვის რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა.
ბაჩიაშვილს კიდევ ორი ბრალდება აქვს:
„საზღვრის უკანონო კვეთის“ გამო – მან 2 მარტს საქართველო-სომხეთის საზღვარი უნებართვოდ, მალულად გადაკვეთა, რის შემდეგაც გირაო პატიმრობით შეუცვალეს. თუმცა იგი დღემდე საზღვარგარეთაა;
„მტკვარი ჰესის“ საქმეზე – ეს ეპიზოდი „კრიპტოვალუტების საქმეში“ თავიდანვე ფიგურირებდა, თუმცა ბიზნესმენს ბრალი 2025 წლის 25 თებერვალს წაუყენეს. ამ ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდში” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 ,,ბ” და 194 – 3 ,,გ” ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.