თბილისის საქალაქო სასამართლომ ვივამედის დირექტორის საჩივრის საფუძველზე ბათუმელი მედროშე 2 800 ლარით დააჯარიმა

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2800 ლარით დააჯარიმა „ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი]. მას პასუხისმგებლობა დააკისრეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობის) მუხლით-გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
ნინო ნადირაძე პატიმარს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. თემურ ქათამაძე კი მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბარობს. მისი თქმით, კამათი მასსა და ვივა მედის დირექტორს შორის მკურნალობის მეთოდზე მოხდა.
პატიმარი მიიჩნევს, რომ მისი შიმშილობის შემდგომი პერიოდი არ იმართება შესაბამისი პროტოკოლით.
მისი თქმით მასზე ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელიც დაგეგმა მიგრაციის დეპარტამენტმა და მასში მონაწილეობდა “ვივა მედიც”.
„მას ვედავებით სიტყვიერ შეურაცხყოფას სამედიცინო პერსონალის მიმართ. ასევე გენერალური დირექტორის მისამართით, დედის მისამართით იყო გინება… ქალბატონი ნინო [ნადირაძე] აფიქსირებს ფიზიკური შეურაცხყოფის ნაწილსაც. ის მიუთითებს, რომ ბატონმა თემურმა ფეხი აიქნია მისი მისამართით, თუმცა სამართალდარღვევის ფარგლებში ამის განხილვა არ მოხდება“, – თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა.
ნინო ნადირაძეს ფართო საზოგადოება ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პრაიმ შოუდან“ იცნობს – ის წლებია ამ გადაცემის თანაწამყვანია.
თემურ ქათამაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პრეტენზიები ჰქონდა კლინიკა „ვივამედის“ თანამშრომლებთან:
„საათების განმავლობაში ითხოვდა ყურადღებას ექიმების მხრიდან, რასაც ვერ იღებდა… მოწმეები საუბრობდნენ, რომ თითქოს მას ჰქონდა ხმამაღალი ტემბრი, აგრესიული დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ“.
ამასთან ინციდენტს რომელიც “ვივა მედის” დირექტორი ნინო ნადირაძე ბათუმის აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს “ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას” ედავება. ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელი გოჩა მჟავანაძე ავრცელებს:
“როგორც ჩვენი მედროშის მიერ გამოგზავნილი წერილიდან და მისი მეგობრის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, თემურ ქათამაძეს, კლინიკა ვივამედის დირექტორი ნინო ნადირაძე ედავება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რაზეც დღეს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში გაიმართება სასამართლო პროცესი. ასევე, თემურ ქათამაძე გამოთქვამს უკმაყოფილებას არასათანადო მკურნალობის და უყურადღებობის გამო…” წერს მჟავანაძე.
ინციდენტზე წერს ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში და ამბობს, რომ კლინიკის ხელმძღვანელობამ მას პროვოკაცია მოუწყო:
“იმ დღეს ინციდენტს თავიდან ბოლომდე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და მიგრაციის დეპარტამენტის 3 პოლიციელი, გამოიძახეს პოლიცია. სინამდვილეში ეს არის ვივა მედის ადმინისტრაციის მიერ, მიზანმიმართულად დაგეგმილი და კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან პროვოცირებული ინციდენტი. ეს არის მათ მიერ დაგეგმილი ტყუილი და ასაჩივრებენ ცრუ ბრალდებით. მე პოლიციელებს მოვუყევი, რა როგორ მოხდა.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც მიერ ბათუმელი მედროშის მიმართ, ვივა მედის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული 48-საათიანი სპეცოპერაცია სამწუხაროდ, წარმატებით განხორციელდა და დასრულდა. სპეცოპერაციის მიზეზი და მიზანი, ქათამაძის განეიტრალებას ემსახურება“, – წერია ქათამაძის წერილში, რომლის სრულ ვერსიასაც მჟავანაძე აქვეყნებს.
თემურ ქათამაძე, რომელიც საზოგადოებაში „ბათუმელი მედროშის“ სახელით არის ცნობილი, 11 იანვრის შემდეგ პატიმრობაშია: მას ადმინისტრაციული წესით და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
16 იანვარს გათავისუფლებული თემურ ქათამაძე მყისიერად ისევ დააკავეს და შსს-ს მოთხოვნით, საემიგრაციო პატიმრობაში გადაიყვანეს.
მეორედ დაპატიმრების შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 48-ე დღეს კი, როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე ბათუმში საქართველოს დროშით ხელში იდგა – ჯერ კიდევ „აგენტების კანონის” წინააღმდეგ პროტესტის დროიდან მოყოლებული, ბოლო, უწყვეტი აქციების ჩათვლით.
თემურ ქათამაძეს 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე.
ქათამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა.