,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” თანამშრომელი დააკავეს
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის ინსპექტორი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ გიორგი გ. საქართველოს მოქალაქეს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ კონდუქტორის თანამდებობაზე დანიშვნას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 700 ლარი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობას გულისხმობს და
6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.